პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები“ - მამუკა ბახტაძე
„მე ნამდვილად არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემდეგი წლების განმავლობაში დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველგან მაღალი სტანდარტების სკოლა არსებობდეს:
„საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის და ამ მასშტაბურმა ინვესტიციამ, რომელიც მხოლოდ სკოლის კომპონენტში შეფასებულია 7 მილიარდი ლარით, უნდა უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს ყველა წერტილში იყოს უმაღლესი სტანდარტების სკოლა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ხუთივე დონე – სკოლამდელი განათლება, განათლება სკოლაში, პროფესიული განათლება, უნივერსიტეტები და მეცნიერება – განსაკუთრებული პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ხუთივე დონეს შორის ბმა იყოს უზრუნველყოფილი მაქსიმალურად ეფექტურად. ამ ხუთივე დონემ უნდა უზრუნველყოს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.