Baby Bag

,,განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ და ეს სემესტრი შედგა''

,,განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ და ეს სემესტრი შედგა''

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პოლიტიკის ონლაინ სადისკუსიო პანელში მიიღო მონაწილება და შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. განსახილველ თემას წარმოადგენდა: „პანდემიის შემდგომი უმაღლესი განათლების გადააზრება“. დისკუსიის დროს მხარეებმა განიხილეს პოსტპანდემიური დემოგრაფიული, ეკონომიკური, სოციალური შედეგების გავლენა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა, და ზოგადად, უმაღლესი განათლების სექტორზე; ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები, პოსტპანდემიურ პერიოდში უმაღლესი განათლების სექტორის ადაპტირებისა და შემდგომი განვითარების საკითხები.

მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სივრცეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა: „დიდ მადლობას მოვახსენებ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და ISET-ის კვლევით ინსტიტუტს საინტერესო სადისკუსიო პანელის ორგანიზებისათვის. ვფიქრობ, იგი სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება ყველა მონაწილე მხარისათვის. COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეები და სტუდენტები საკლასო ოთახსა და აუდიტორიის მიღმა დარჩნენ, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იყო მათთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესი შეგვენარჩუნებინა. მასწავლებლების, ლექტორების, სამინისტროს, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ და ეს სემესტრი შედგა“.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს წარმატებას დისტანციური სწავლების დანერგვის საქმეში საერთაშორისო გამოხმაურებაც მოწმობს. კერძოდ, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყანას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტზე, რომელშიც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა ანდრეას შლაიხერმა, COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა. ასევე, სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეაფასება მისცა Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა მასწავლებლებისა და უმაღლესის სასწავლებლების ლექტორების ენთუზიაზმსა და შემოქმედებით მიდგომას დისტანციური სწავლების განხორციელების პროცესში და მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, პანდემიის პირობებში პედაგოგები, ექიმების მსგავსად, ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ და ახალ გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე გადაუხადა მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებთანაც ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტრო უწყვეტ კომუნიკაციაში იყო და სასარგებლო რეკომენდაციებსა და რჩევებს იღებდა. მან მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით დაწყებულ ახალ პროექტზეც ისაუბრა, რომლის ბიუჯეტი 102.7 მილიონ დოლარს შეადგენს და რომელიც საქართველოში ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით ადამიანური კაპიტალის განვითარებას გულისხმობს. მინისტრის შეფასებით, ეს პროექტი ძალიან დაეხმარება საქართველოს პოსტპანდემიური პერიოდის გამოწვევათა დაძლევაში.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პანდემიის დაწყებისთანავე საგანგებოდ შეკრებილ რექტორთა საბჭოს პირველ ეტაპზე მიეცა მკაფიო რეკომენდაცია, გაზაფხულის სემესტრი ელექტრონული სწავლების ფორმატში პილოტირების რეჟიმში განეახლებინა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ვინაიდან ყველა უნივერსიტეტის წინაშე ერთი საერთო გამოწვევა დადგა, პროცესი უნივერსიტეტებს შორის ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაზიარების გზით წარმატებით წარიმართა. გარდა ამისა, უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული ელექტრონული სწავლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით ეხელმძღვანელათ.

მინისტრმა განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით შექმნილ პროექტ „ტელესკოლაზეც“ (TV-School) ისაუბრა, სადაც ყველა კლასისა და საგნის ტელეგაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ. მინისტრის თქმით, პროექტს, რომელიც „პირველი არხი – განათლების“ ეთერში გადის, საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. სატელევიზიო გაკვეთილებს, არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც დიდი ინტერესით უყურებენ.

მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ ყველა წარმატებული პროექტი, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა, შემდგომაც გაგრძელდება, მათ შორის არის პროექტი „ტელესკოლაც“. წარმატებულად განხორციელებული ელექტრონული სწავლების შედეგად, სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდეგ, სასწავლო კურიკულუმებში ელექტრონული რესურსების გამოყენების კომპონენტი კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც ელექტრონული რესურსების გარდა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სასწავლო პროცესში უცხოელი პროფესორების დისტანციურად ჩართვას გულისხმობს.

ISET-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს განათლების წამყვანმა ექსპერტებმა: ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის პრეზიდენტმა კარლ დიტრიხმა, მაგნა კარტას ობსერვატორიის (ბოლონია) და აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციის (ბრიუსელი) პრეზიდენტმა სიჯბოლტ ნორდამ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„მასწავლებლებმა განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობი...
„მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი...

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ იწყებს. პროექტი გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება - პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს:

  • მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით - მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
  • შეფასების შედეგების ასახვას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
  • მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
  • მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
  • სკოლებს - შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაიკითხეთ სრულად