განათლება ის სფეროა, რომელიც მშობლის აქტიურ მონაწილეობასა და კონტროლს მოითხოვს. შვილის მხარდაჭერა და დახმარება, განათლების მიღების კუთხით, მშობლის ერთ-ერთ მოვალეობად მიიჩნევა.
„მშობლის მოვალეობაა დაეხმაროს შვილებს განათლების მიღებაში, უნდა აკონტროლებდე, რომ არ მიიღონ მცდარი გადაწყვეტილებები“ (ფოკუს ჯგუფი, მოზარდების მამები; ბათუმი, საქართველო, 22 ოქტომბერი 2017).
მშობლებს საჭიროდ მიაჩნიათ, რომ ორივე სქესის მოზარდმა მიიღოს სათანადო განათლება. თუმცა გენდერის კუთხით მნიშვნელოვანი სხვაობები მაინც გამოვლინდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა: რამდენი მეცადინეობაა საკმარისი თითოეული სქესის წარმომადგენლისთვის, როგორ უნდა გადანაწილდეს დრო მეცადინეობასა და საოჯახო საქმეებს შორის, რომელი პროფესიები შეესაბამება ამა თუ იმ სქესს და სხვ. თუმცა, ისევ და ისევ, გამომდინარე იმ წარმოდგენიდან, რომ კაცი ოჯახის მარჩენალია, ხანდახან მიიჩნევენ, რომ განათლების მიღება ბიჭებისთვის უფრო მნიშვნელოვანია.
ზოგიერთ ოჯახში, ბიჭი შვილები უფრო ჭკვიანებად ითვლებიან, ვიდრე გოგონები, შესაბამისად, მათგან უფრო მაღალ აკადემიურ მოსწრ მოზარდთა მშობლობა 26 ფიქრობს, რომ გოგონებს არ შეუძლიათ კომპლექსურ აკადემიურ თუ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებით ჩართვა. აღზრდის კუთხით, ამგვარ დამოკიდებულებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეაფერხოს მოზარდი გოგონების აკადემიური მოსწრება და განვითარება. კვლევის განმავლობაში გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გოგონებში წახალისებული არ ყოფილა ისეთი პროფესიების არჩევა, როგორიცაა მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა.
„უმრავლესობა ოჯახებში, თუ გოგონა ამბობს, რომ სკოლაში ფიზიკაში 10-იანი მიიღო, ყველა მშობელი ბედნიერი იქნება მისი წარმატებით. მაგრამ, თუ გოგონამ თქვა, რომ მას სურს ფიზიკოსი გამოვიდეს, შესაძლოა დიდი წინააღმდეგობა შეხვდეს, რაც გამომდინარეობს სულელური სტერეოტიპიდან, თითქოს გოგო არ უნდა გახდეს ფიზიკოსი. რადგან ფიზიკოსობა და მეცნიერება რთული პროფესიებია და კაცებისთვისაა, რადგან კაცებს „ყველაფრის დაძლევა შეუძლიათ“ და სხვა მსგავსი პატრიარქალური შეხედულებები“ (ფოკუს ჯგუფი, 14-17 წლის გოგონები; ბათუმი, საქართველო, 21 ოქტომბერი 2017).
მშობლების წარმოდგენით, განათლების მიღება, კარიერა და ფინანსური დამოუკიდებლობა ურთიერთდაკავშირებულია. არის შემთხვევები, როდესაც დედები შვილებს მოუწოდებენ სწავლისკენ, რათა მომავალში კარიერა და საკუთარი შემოსავალი უზრუნველყოფილი ჰქონდეთ; გაირკვა, რომ ზოგიერთი დედა სწორედ განათლების არქონას და ადრეულ ქორწინებას ადანაშაულებს იმაში, რომ არ აქვს სამსახური. სწორედ ამიტომ, ცდილობენ, შვილებს საკუთარი შეცდომის მაგალითზე მისცენ განათლება.
სამწუხაროდ, ყველა მშობელი და სასწავლო დაწესებულება არ ავლენს სურვილს, დაეხმაროს ბავშვებს განათლების მიღებაში, თუკი მას სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აღენიშნება. ერთ-ერთი მონაწილის თანახმად, მათ, ვისაც სწავლის სირთულეები აქვს, ნაკლებ საშინაო დავალებას აძლევენ. როგორც მშობლები, ისე სკოლის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ასეთ ბავშვებს არ აქვთ სწავლის უნარი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდზე, რომელიც შეიძლება „დანებდეს“ და მეტი მუშაობით აღარ შეეცადოს შედეგების გაუმჯობესებას. შესაძლოა, მოზარდს სწავლის გაგრძელება სურდეს კიდეც, მაგრამ ასეთი დამოკიდებულების გამო, გადარჩენის ალტერნატიულ გზებს დაუწყოს ძიება.
„მათ, ვისაც სწავლის სიძნელეები აქვს, ნაკლებ საშინაო დავალებას აძლევენ, ჩემს კლასში ასეთი ბევრია... მინდა სკოლას მე-9 კლასის შემდეგ დავანებო თავი, რომ მქონდეს სწავლის გაგრძელების საშუალება, ალბათ გავაგრძელებდი. მაგრამ არა, უნდა გამოვიდე სკოლიდან... მირჩევნია სამსახური ვიშოვო...“ (ჩაღრმავებული ინტერვიუ 14 წლის ბიჭთან, კანონთან კონფლიქტში მყოფი; თბილისი, საქართველო, 17 ნოემბერი, 2017).
ასევე გამოვლინდა, რომ აღზრდის განსხვავებული სტილი აქვთ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების მშობლებს. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი მშობლები გვიანი მოზარდობის პერიოდში მყოფ თავიანთ შვილებს ნებას რთავენ და ხანდახან აქეზებენ კიდეც, რომ მათ სწავლის ნაცვლად მუშაობა დაიწყონ.
„მამაჩემმა მითხრა, რომ ჩემი მასწავლებელი ურეკავდა ჩემი ცუდი საქციელის გამო, და რომ ყელში ამოუვიდა. მეუბნებიან, რომ კიდევ ერთი წელიც გავაგრძელო და შემდეგ შემიძლია მივატოვო სკოლა (და ვიმუშაო)“ (ჩაღრმავებული ინტერვიუ 14 წლის ბიჭთან, კანონთან კონფლიქტში მყოფი; თბილისი, საქართველო, 17 ნოემბერი, 2017).
რიგ შემთხვევაში, მოზარდები ზეწოლას მშობლების მხრიდან ნიშნების გამო განიცდიან, რადგან მათ სჯერათ, რომ სკოლაში წარმატება მოზარდის მომავალი წარმატების საფუძველია. ზოგი მშობელი მოზარდის სწავლის „წასახალისებლად“ იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა დასჯა, მობილური ტელეფონის წართმევა, დაჯილდოება ჯიბის ფულით ან ინტერნეტის დამატებითი დროით.
ზოგადად, მშობლები ნაკლებად მონაწილეობენ სკოლის საქმეებში. მათი აზრით, ის, რაც სკოლაში ხდება, მხოლოდ სკოლის საქმეა.