Baby Bag

გაუქმდა თუ არა მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებლის სახლის პასუხი

გაუქმდა თუ არა მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებლის სახლის პასუხი
„მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი არ გაუქმებულა და მისი შევსება სავალდებულოა,“ - ამის შესახებ ​Yts.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

როგორც მასწავლებლის სახლში განმარტეს, ამ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი აღნიშნული კითხვარის გაუქმებასთან დაკავშირებით:
„წერილობითი განაცხადი, რომ თვითშეფასების კითხვარი გაუქმდა, არ არსებობს. შესაძლოა, სამომავლოდ გაუქმდეს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კითხვარის შევსება ამ ეტაპზე ისევ სავალდებულო აქტივობად რჩება მასწავლებლებისთვის,“ - განაცხადეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

თვითშეფასების კითხვარის შევსება პედაგოგებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ევალებათ. ცენტრის ინფორმაციით, თვითშეფასების კითხვარის მიზანია, მასწავლებელმა ადეკვატურად შეაფასოს თავისი საქმიანობა, გამოკვეთოს და გააანალიზოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ცნობისთვის, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილებების პარალელურად თვითშეფასების კითხვარი ერთხელ უკვე შეიცვალა და ის საგრძნობლად შემცირდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლებისთვის ხუთკრედიტიანი ტრენინგები ჩატარდება - ვისთვის არის პროგრამა განკუთვნილი

მასწავლებლებისთვის ხუთკრედიტიანი ტრენინგები ჩატარდება - ვისთვის არის პროგრამა განკუთვნილი

„პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გვექნება უფასო, ხუთკრედიტიანი სატრენინგო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც კრედიტების შევსებასა და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას შეძლებენ,“ - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ Moms.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ტრენინგზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყება:

პრაქტიკოს პედაგოგს მიეცემა უფლება, 19 კრედიტქულამდე გარე მექანიზმებით შეივსოს და დაადასტუროს კომპეტენცია. რას ნიშნავს გარე მექანიზმები? - 5 კრედიტის ფარგლებში მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, გაიაროს ტრენინგმოდულები და წარმატებით გავლის შემთხვევაში, დააგროვოს 5 კრედიტი. თუ გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, პარალელურად ჩააბაროს და ამით შეივსოს 19 კრედიტქულამდე. გარე მექანიზმებია ტრენინგები და გამოცდა.

დღეს სისტემაში 14 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია, მათგან დაახლოებით 7 000-მდე პედაგოგს არც ერთი გამოცდა არა აქვს ჩაბარებული და შესაბამისად, კომპეტენცია არ აქვს დადასტურებული. 2 000-მდე მასწავლებელს ორივე საგანი ჩაბარებული აქვს, 2 700 მასწავლებელს საგნის გამოცდა აქვს ჩაბარებული, 2 300-ს კი პროფესიული უნარების გამოცდა.

ხუთკრედიტიან ტრენინგზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყება. ადგილების რაოდენობა არ იქნება შეზღუდული. პედაგოგებს 3 კრედიტის მოპოვება შეეძლებათ საგნობრივი კომპეტენციის ტრენინგებიდან, 2 კრედიტის - პროფესიული უნარების ტრენინგებიდან. მასწავლებლებს ტრენინგ მოდულების წარმატებით გავლის შემთხვევაში, 1-დან 5-მდე კრედიტის დაგროვების შესაძლებლობა ექნებათ. პედაგოგები მათთვის სასურველი და საჭირო კრედიტქულის შესაბამისი ტრენინგმოდულის შერჩევას შეძლებენ,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.

წაიკითხეთ სრულად