Baby Bag

გაუქმდა თუ არა მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებლის სახლის პასუხი

გაუქმდა თუ არა მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებლის სახლის პასუხი
„მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი არ გაუქმებულა და მისი შევსება სავალდებულოა,“ - ამის შესახებ ​Yts.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

როგორც მასწავლებლის სახლში განმარტეს, ამ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი აღნიშნული კითხვარის გაუქმებასთან დაკავშირებით:
„წერილობითი განაცხადი, რომ თვითშეფასების კითხვარი გაუქმდა, არ არსებობს. შესაძლოა, სამომავლოდ გაუქმდეს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კითხვარის შევსება ამ ეტაპზე ისევ სავალდებულო აქტივობად რჩება მასწავლებლებისთვის,“ - განაცხადეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

თვითშეფასების კითხვარის შევსება პედაგოგებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ევალებათ. ცენტრის ინფორმაციით, თვითშეფასების კითხვარის მიზანია, მასწავლებელმა ადეკვატურად შეაფასოს თავისი საქმიანობა, გამოკვეთოს და გააანალიზოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ცნობისთვის, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილებების პარალელურად თვითშეფასების კითხვარი ერთხელ უკვე შეიცვალა და ის საგრძნობლად შემცირდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წელს პირველად ატარებს გამოცდას პროფესიულ უნარებში წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის. წინასწარ შემუშავდა საგამოცდო პროგრამა. იგი ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №67/ნ 2020 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი, თავი IV).

ტესტის მოკლე აღწერა

უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტისათვის განსაზღვრული იქნება მინიმალური კომპეტენციის ორი ზღვარი - წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტატუსების შესაბამისად. მინიმალური კომპეტენციის ზღვრები განისაზღვრება საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ შეფასების სტანდარტის დადგენის პროცედურის საშუალებით. საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება:

  • არჩევითპასუხებიანი;
  • შესაბამისობის;
  • ღია (პროექტის, კვლევის დაგეგმვა, მონაცემთა ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება და სხვ.);
  • კონკრეტული შემთხვევის/პრობლემური სიტუაციის ანალიზი;
  • ფუნქციური/ანალიტიკური წერა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება. დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი იხილეთ ბმ​ულზე.

საგამოცდო ტესტთან და პროცედურებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ვებგვერდზე. 
წაიკითხეთ სრულად