„გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ზუგდიდის N 6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების პოლიტიზირება ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვუსამძიმრებთ ია კერზაიას ოჯახს. აქვე აღვნიშნავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ამ ტრაგედიის პოლიტიზირება კატეგორიულად მიუღებელია. 2012 წლიდან ხელისუფლებამ უზრუნველყო და მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ განათლების სისტემა არის დეპოლიტიზირებული და შესაბამისად, რომელიმე სასწავლო დაწესებულების პოლიტიკური დღის წესრიგის საგნად ქცევა, ეს არ იქნება დაშვებული. ბოლო დღეების განმავლობაში, სამინისტრო მაქსიმალურად იკავებდა თავს განცხადებებისგან, თუმცა მიზანმიმართული არასწორი ინფორმაციის გავრცელებით განვითარებულმა მოვლენებმა მიიღო ისეთი სახე, რაც სასწავლო პროცესს, პედაგოგების, მოსწავლეების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას აზიანებს და ხელს უშლის სასწავლო დაწესებულებების სრულფასოვან ფუნქციონირებას. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ განათლების სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მიაწოდოს ყველა სახის დოკუმენტაცია და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან: სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, არცერთი კითხვა არ უნდა იყოს პასუხგაუცემელი.
სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც განაგრძობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის. ეს ემსახურება სკოლების შეფასებას, ხარვეზების, გადაცდომების, სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრასა და შესაბამის რეაგირებას. რა თქმა უნდა, პროცესი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობს, საარჩევნო პერიოდში ვერ და არ იქნებოდა შეჩერებული. სწორედ ასეთი სამუშაო ჩატარდა ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში. სკოლის სამეურვეო საბჭომ მიიღო და ის დაეთანხმა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშს დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ, თუმცა დირექტორს თანამდებობა შეუნარჩუნდა. ასევე, არც განათლების სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა დირექტორის გათავისუფლება“ , - განაცხადა ნათია ზედგინიძემ.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე სკოლებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ 2018 წლის სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა.
„სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ხორციელდება როგორც გეგმური, ისე არაგეგემური შემოწმება. მხოლოდ 2018 წელს დაიწერა 98 დასკვნა, 49 სკოლას მიეცა მითითება და გაფრთხილება, 9 სკოლის დირექტორი თანამდებობიდან განთავისუფლდა და ერთ სკოლაში სამეურვეო საბჭოს დათხოვა მოხდა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნათ 20 კანონდარღვევის საქმე,“ - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.