დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
„წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ“
„ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება ხელფასი, ხოლო წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ,“ - აღიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, მასწავლებლის ხელფასი შემდეგი კომპონენტისგან შედგება: ჩატარებული საათების რაოდენობა, განათლება, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სტატუსის დანამატი:
„განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: მასწავლებლის საბაზო ხელფასი, რომელიც შედგება მასწავლებლის განათლების, კომპეტენციის, სტაჟის და საგაკვეთილო დატვირთვისგან; მიღწევებზე დაფუძნებული კომპონენტი - რა საქმიანობას ეწევა მასწავლებელი საკუთარი მოსწავლეებისა და სკოლის განვითარებისთვის, რა წვლილი შეაქვს მოსწავლის აღზრდასა და პიროვნულ განვითარებაში. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ვალდებულებასა და სამუშაოს, რომლებშიც მასწავლებლები, მათი სტატუსიდან გამომდინარე, ჩაერთვებიან. მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინსების მიღმა მიიღებს დამატებით ანაზღაურებას იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სკოლის განვითარებაზეა ორიენტირებული და დაფინანსდება სკოლის განვითარების ფონდიდან. მასწავლებლის სახელფასო სქემა დაუკავშირდება სკოლების განვითარების ფონდის სისტემას“, - დასძინა განათლების მინისტრმა.