ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
„სველი წერტილები სკოლებში სერიოზული პრობლემაა, განათლების სამინისტროს დაევალა, რომ სექტემბრისთვის ყველა სკოლაში ნორმალური სველი წერტილი იყოს“
„სველი წერტილები სკოლებში სერიოზული პრობლემაა და მაშინ, როდესაც სკოლაში სწავლა შეწყდა, 4 მარტიდან, განათლების სამინისტროს დაევალა და ისინი მიყვებიან, რომ სექტემბრისთვის ყველა სკოლაში ნორმალური სველი წერტილი იყოს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.
„აქვე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და არ დაგვინგრევია. რაც შეეხება სკოლების რემონტს, წერილობით სტატისტიკასაც მოგაწვდით, უბრალოდ არ მინდა ახლა აქ დრო დავხარჯო, რამდენი ახალი სკოლა შენდება და რამდენს უტარდება კაპიტალური რემონტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.