ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 თებერვალს „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ. პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადასცა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ“ ფუნქციონირება საქართველოს 12 ქალაქში 1-ლ ნოემბერს დაიწყო და 1800-მდე პედაგოგობის მსურველი უფასოდ გადაამზადა.
„პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.
მსმენელთა ხელმისაწვდომობის მიზნით, ლექციები ტარდებოდა რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლის ბაზაზე კვირაში სამჯერ (პარასკევი, შაბათი, კვირა). სასწავლო კურსს კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.
თითოეული საგნობრივი კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მეთვალყურეობით გადიოდნენ.
კურსდამთავრებულები სკოლებში კონკურსის წესით შევლენ.
„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია სხვა ქალაქებშიც ჩატარდება,“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.