ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შევხვდებით სკოლიდან მოსულ ბავშვს, როგორ ამოვიცნობთ მის მდგომარეობას,“ - მზიკო დალაქიშვილი
ფსიქოთერაპევტმა მზიკო დალაქიშვილმა სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვთან მოქცევის წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვს მეცადინეობისთვის მშობლისგან მოტივაცია ესაჭიროება:
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები სკოლიდან მოდიან ძალიან დატვირთულები. არასდროს არ არის ისე, რომ სკოლიდან მოვედი და იქ ყველაფერი კარგად იყო. შეიძლება კარგი დღე იყო ძალიან, მაგრამ სკოლაში ძალიან ბევრი ნიუანსია. ამას ბავშვები თან ატარებენ და სახლში მოაქვთ. როდესაც ჩვენ პირდაპირ გადავდივართ მეცადინეობაზე საუბარზე, ეს არის ემოციაგამოცლილი რაციონალური მიდგომა.“
მზიკო დალაქიშვილის თქმით, ბავშვი ყოველთვის მზად არ არის, რომ სამეცადინოდ დაჯდეს:
„ამ მომენტისთვის ბავშვები ძალიან ხშირად მზად არ არიან. ემოციურად ისინი საერთოდ სხვაგან არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შევხვდებით სკოლიდან მოსულ ბავშვს, როგორ ამოვიცნობთ მის იმ მომენტის მდგომარეობას. ბავშვის დღე განაპირობებს მის განწყობას. ბავშვი სახლში ყოველთვის ერთნაირ განწყობაზე არ მოდის.“
„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა არის, როგორ შევხვდებით ჩვენ ბავშვებს. როგორ ვეცდებით დავინახოთ მათი მდგომარეობა. მოვიკითხოთ ბავშვი, როგორი დღე ჰქონდა, გავუზიაროთ ჩვენიც. როდესაც შენ არაგამომცდელის კითხვით ეკითხები და ელოდებოდი სახლში შვილს, რომ გაგეზიარებინა შენი დღეც, არ ხარ ჩასაფრებული, რა ნიშანი მიიღო, არამედ ეუბნები: „მომენატრე,“ სამეცადინოდ დაჯდომაც არ იქნება ისეთი სტრესული,“ - აღნიშნულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.