ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათემატიკის ტესტის გამსწორებელთა კონკურსს აცხადებს
მათემატიკის ტესტის გამსწორებლების შესარჩევი კონკურსი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 24 მაისს ჩატარდება, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე http://emarker.naec.ge/eMarker16 მაისს (სასურველი ბრაუზერი: Mozila Firefox და Google Chrome).
„კონკურსის დაწყებამდე, 16 მაისიდან - 22 მაისის ჩათვლით, მონაწილეებს საშუალება ექნებათ ივარჯიშონ - გაასწორონ ნაშრომები ელექტრონული პროგრამის საშუალებით.
ამისათვის საჭიროა, რომ კანდიდატი გაეცნოს ქვემოთ თანდართულ ფაილში მოცემულ დავალებებსა და მათ შეფასების სქემებს; შემდეგ კი დაიწყოს ვარჯიში ამგვარად:
ვებგვერდზე http://emarker.naec.ge/eMarker შესვლის შემდეგ დააჭიროს ღილაკს „გასწორების გვერდზე გადასვლა“, წაიკითხოს კონკრეტული დავალების პასუხი, საკუთარი შეფასება ჩაწეროს ქვემოთ ამისთვის საგანგებოდ გამოყოფილ უჯრებში და დააჭიროს ღილაკს „შენახვა“. შემდეგ ეს პროცედურა უნდა გაიმეოროს იმდენჯერ, სანამ არ ამოიწურება გასასწორებელი დავალებები და გამოჩნდება წარწერა „დავალება არ მოიძებნა“.
მათემატიკის საგამოცდო ტესტის გამსწორებელთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით 24 მაისს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე. მსურველებს საშუალება ექნებათ სახლიდან შევიდნენ ბმულზე http://emarker.naec.ge/eMarker და გაასწორონ აბიტურიენტთა ნამუშევრები, რათა გამოავლინონ საკუთარი კომპეტენცია.
არაუგვიანეს 15 ივნისისა შედგება რეიტინგული სია და კონკურსის შედეგები ეცნობებათ წარმატებულ მონაწილეებს.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (მათემატიკის სპეციალისტი) და/ან ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტი (კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში);
ოჯახის წევრი/წევრები არ უნდა აბარებდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
ამ ფაილში მოცემულია დავალებები და მათი შესაბამისი პასუხები, რომ მსურველებმა კონკურსამდე შეძლონ ვარჯიში,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაში.