ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
„საქართველოს ერთადერთი წარმატება განათლებაშია“ - მამუკა ბახტაძე მასწავლებელთა ხელფასებზე საუბრობს
„სადაც პედაგოგისა და მასწავლებლის როლი შესაბამისად დაფასებული არ არის, ასეთ სახელმწიფოს არათუ მომავალი არ ექნება, არამედ, შეიძლება, თავისი წარსულიც დაკარგოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემსემინარის „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა და ეს ძალიან მძიმე მოცემულობაა. მოგეხსენებათ, ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში განიხილება ჩემი ინიციატივა ეროვნული იდეის, განათლების რეფორმის შესახებ, რომლის თანახმადაც ჩვენ, ჩვენი მთიანი შიდა პროდუქტის 6%-ს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს ყოველთვის მივმართავთ განათლებისკენ. ეს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ნებისმიერი მთავრობისთვის ვალდებულება იქნება. ერთ-ერთი მიზანი, ბუნებრივია, ის არის, რომ პედაგოგი, როგორც პროფესია, საქართველოში დაფასებული და პრესტიჟული იყოს. ღრმად მწამს, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც პედაგოგისა და მასწავლებლის როლი არ არის შესაბამისად დაფასებული, ასეთ სახელმწიფოს 21-ე საუკუნეში არათუ მომავალი არ ექნება, არამედ, მან შეიძლება, თავისი წარსული და ფასეულობებიც დაკარგოს. შესაბამისად, მინდა, თითოეულ თქვენგანს მივმართო და ვთხოვო, რომ ეს არის ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ. მაქვს იმის პატივი, რომ დღეს მივმართო საზოგადოებას, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის განათლების ფასი და ის, რომ სწორედ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.