ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
რამდენია დანამატის ოდენობა უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2021 წლის იანვრიდან სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭათ უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და თვის ბოლოდან ისინი მიიღებენ დანამატს სტატუსის მიხედვით.
მათივე ცნობით, დანამატის ოდენობა დამოკიდებულია სპეციალური მასწავლებლის სტატუსზე და მოსწავლეთა რაოდენობაზე.
ხელფასზე დანამატის ოდენობა უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება შემდეგნაირად:
ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 370 ლარის ოდენობით;
ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 420 ლარის ოდენობით;
სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 470 ლარის ოდენობით;
ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 520 ლარის ოდენობით;
ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის - შემთხვევაში 570 ლარის ოდენობით
ხელფასზე დანამატის ოდენობა წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის განისაზღვრება შემდეგნაირად:
ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 550 ლარის ოდენობით;
ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 650 ლარის ოდენობით;
სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარის ოდენობით;
ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარის ოდენობით;
ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 950 ლარის ოდენობით.
„აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2021 წლის იანვრიდან ხელფასები გაიზარდა ყველა მასწავლებლისთვის (ზრდა -100 ლარი).
მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები მასწავლებლებისთვის გაიცემა დანამატი - საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით.
2012 წლიდან დღემდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი გაიზარდა 236%-ით,“ - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.