Baby Bag

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია
,,სკოლის დირექტორი!

(მოქმედება ხდება 90-იანი წლების ქუთაისში)

მე-9 კლასში ვიყავით. კვირა დღეს ბიჭებმა კლასელთან დავლიეთ. იქედან წამოსული, გავიარეთ პირველ სკოლასთან და დირექტორის კაბინეტის ფანჯრები ჩავამსხვრიეთ უდიდესი ქვებით. ერთი ქვა კაბინეტში შევარდა და დირექტორის მაგიდაზე დადებული მინაც ჩაამსხვრია. სკოლის დირექტორი ალეკო ბელთაძე იყო. შური ვიძიეთ უმკაცრეს დირექტორზე, რომელსაც სასწაული დისციპლინა ჰქონდა, ვერაფერს გამოაპარებდი. ავდექით და „გავამწარეთ“!

იმ ღამეს მშვიდად მეძინა. რაღაცნაირად პროტესტი სისრულეში მოვიყვანეთ და მეორე დღეს სასიამოვნო მოლოდინში ვიყავით, როცა სკოლის დირექტორი გაცოფებული იქნებოდა. თან დანაშაულის ყველა კვალი წაშლილი გვქონდა. კამერები მაშინ არ არსებობდა და ჩაბნელებული ქალაქიც ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდა.

მეორე დღეს ალეკო ბელთაძე დილის 9 საათზე ჩვენს კლასში შემოვიდა და ზუსტად ის სამი ბიჭი გამოგვიძახა, რომლებმაც წინა ღამით მინები ჩავამსხვრიეთ. ვერ წარმოიდგენთ რა ბაგა-ბუგი გაჰქონდა გულს, როცა პირველი სკოლის უზარმაზარ დერეფნებში მივაბიჯებდით და სამასწავლებლოს გავლით დირექტორის კაბინეტში აღმოვჩნდით. მინები უკვე ჩასმული იყო.

დირექტორი - აბა როგორ ხართ?

- კარგად ბატონო ალეკო (ყველანი ვითომ გაოცებული ვართ)

- ბიჭებო, ცოტა დიდები რომ იყოთ, სიამოვნებით დავლევდი თქვენთან ერთად

- რაშია საქმე ბატონო ალეკო? (კიდევ ვიოცებ და მხრებს ვიჩეჩ)

- არაფერი... ძმაკაცობა მინდა თქვენთან. იცით როგორი თამადა ვარ?

- ვიცით, ბატონო ალეკო, ისიც ვიცით გალაკტიონის 300 ლექსი იცით ზეპირად

- ჰოდა ყოველ დღე, დილაობით შემოხვალთ ჩემთან და ლექსებს წაგიკითხავთ...

და ასე დავდიოდით მის კაბინეტში ერთი კვირა...ყოველ დღე. და თან გალაკტიონს გვიკითხავდა ყოველ დღე ზეპირად. ბოლოს გვეტყოდა - „ბიჭებო რაიმე ხო არ გაქვთ ჩემთან სათქმელიო?“, ჩვენ ცივ უარზე ვიყავით. არა არაფერი-თქო....

ბოლოს, როგორც იქნა, გამოვუტყდით და ბოდიში მოვუხადეთ....

მერე მასთან დავძმაკაცდით და დირექტორზე ვინმეს ცუდი რომ ეთქვა, სასწაულს მოვწევდით.
დღესაც ასე ვარ. ჩემს დირექტორზე ცუდს ვერავის ვათქმევინებ!

პ.ს. ისე სამივე ბიჭი ვინც ინციდენტში ვმონაწილეობდით, ყველანი წარმატებული გამოვედით. არ დავიღუპეთ 90-იანელებში, გადავრჩით კარგი დირექტორის წყალობით.''

ავტორი: დათო ლიკლიკაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

რას გულისხმობს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული წესი

რას გულისხმობს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული წესი

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა დაადასტუროს მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლოს სტატუსი. 

„შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული წესი განისაზღვრა:

  • იმ პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, საჯარო სკოლის დირექტორი საჭიროების შემთხვევაში გაუფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას, ხოლო აღნიშნულ პოზიციას გამოაცხადებს ვაკანტურად.

  • ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის წესით დასაქმდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები).

  • ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეული პირის დანიშვნის შემდეგ პრაქტიკოს მასწავლებელს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება,“ - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

​ზოგადი განათლების კანონი

​მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანება საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე.​

იხილეთ ასევე - ​საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა

წაიკითხეთ სრულად