Baby Bag

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია
,,სკოლის დირექტორი!

(მოქმედება ხდება 90-იანი წლების ქუთაისში)

მე-9 კლასში ვიყავით. კვირა დღეს ბიჭებმა კლასელთან დავლიეთ. იქედან წამოსული, გავიარეთ პირველ სკოლასთან და დირექტორის კაბინეტის ფანჯრები ჩავამსხვრიეთ უდიდესი ქვებით. ერთი ქვა კაბინეტში შევარდა და დირექტორის მაგიდაზე დადებული მინაც ჩაამსხვრია. სკოლის დირექტორი ალეკო ბელთაძე იყო. შური ვიძიეთ უმკაცრეს დირექტორზე, რომელსაც სასწაული დისციპლინა ჰქონდა, ვერაფერს გამოაპარებდი. ავდექით და „გავამწარეთ“!

იმ ღამეს მშვიდად მეძინა. რაღაცნაირად პროტესტი სისრულეში მოვიყვანეთ და მეორე დღეს სასიამოვნო მოლოდინში ვიყავით, როცა სკოლის დირექტორი გაცოფებული იქნებოდა. თან დანაშაულის ყველა კვალი წაშლილი გვქონდა. კამერები მაშინ არ არსებობდა და ჩაბნელებული ქალაქიც ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდა.

მეორე დღეს ალეკო ბელთაძე დილის 9 საათზე ჩვენს კლასში შემოვიდა და ზუსტად ის სამი ბიჭი გამოგვიძახა, რომლებმაც წინა ღამით მინები ჩავამსხვრიეთ. ვერ წარმოიდგენთ რა ბაგა-ბუგი გაჰქონდა გულს, როცა პირველი სკოლის უზარმაზარ დერეფნებში მივაბიჯებდით და სამასწავლებლოს გავლით დირექტორის კაბინეტში აღმოვჩნდით. მინები უკვე ჩასმული იყო.

დირექტორი - აბა როგორ ხართ?

- კარგად ბატონო ალეკო (ყველანი ვითომ გაოცებული ვართ)

- ბიჭებო, ცოტა დიდები რომ იყოთ, სიამოვნებით დავლევდი თქვენთან ერთად

- რაშია საქმე ბატონო ალეკო? (კიდევ ვიოცებ და მხრებს ვიჩეჩ)

- არაფერი... ძმაკაცობა მინდა თქვენთან. იცით როგორი თამადა ვარ?

- ვიცით, ბატონო ალეკო, ისიც ვიცით გალაკტიონის 300 ლექსი იცით ზეპირად

- ჰოდა ყოველ დღე, დილაობით შემოხვალთ ჩემთან და ლექსებს წაგიკითხავთ...

და ასე დავდიოდით მის კაბინეტში ერთი კვირა...ყოველ დღე. და თან გალაკტიონს გვიკითხავდა ყოველ დღე ზეპირად. ბოლოს გვეტყოდა - „ბიჭებო რაიმე ხო არ გაქვთ ჩემთან სათქმელიო?“, ჩვენ ცივ უარზე ვიყავით. არა არაფერი-თქო....

ბოლოს, როგორც იქნა, გამოვუტყდით და ბოდიში მოვუხადეთ....

მერე მასთან დავძმაკაცდით და დირექტორზე ვინმეს ცუდი რომ ეთქვა, სასწაულს მოვწევდით.
დღესაც ასე ვარ. ჩემს დირექტორზე ცუდს ვერავის ვათქმევინებ!

პ.ს. ისე სამივე ბიჭი ვინც ინციდენტში ვმონაწილეობდით, ყველანი წარმატებული გამოვედით. არ დავიღუპეთ 90-იანელებში, გადავრჩით კარგი დირექტორის წყალობით.''

ავტორი: დათო ლიკლიკაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორც წესი, სწავლის მოძულე ბავშვს სასკოლო გარემო თრგუნავს

როგორც წესი, სწავლის მოძულე ბავშვს სასკოლო გარემო თრგუნავს
მშობლები სიხარულს ვერ მალავენ, როდესაც ხედავენ, რომ მათი შვილები ახალი ცოდნის შეძენას ცდილობენ და ყველაფერი აინტერესებთ, რათ მათთვის ჯერ კიდევ უცნობი და ​გაურკვეველია. სწავლის პროცესი მხოლოდ სკოლაში მოცემული დავალებების შესრულებას და გამოცდებზე კარგი ნიშნების მიღებას არ გულისხმობს. ბავშვი, რომელიც ცნობილი მხატვრის ტილოს ნახავს და აღფრთოვანდება, რადგან მასში შემოქმედებითი ინსპირაციის წყაროს დაინახავს, შემეცნების პროცესისადმი გულგრილი არ არის.

სწავლისადმი სიყვარული, რომელიც მხოლოდ სასკოლო საგნების ზედმიწევნით ათვისებაში არ გამოიხატება და სკოლის გარემოს ცდება, გაცილებით ძლიერია. როგორც წესი, მსგავსი შემეცნებითი მუხტი ადამიანს მთელი ცხოვრება არ ტოვებს და მისთვის ახალი ცოდნის მიღება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ბავშვები წლების მატებასთან ერთად სწავლის სურვილს კარგავენ. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკელი სკოლის მოსწავლეების 40 %-ს სწავლისადმი ინტერესი არ აქვს. ბავშვების უდიდესი ნაწილი სკოლას შემეცნებითი წინსვლისთვის მნიშვნელოვან სივრცედ არ განიხილავს. ისინი თვლიან, რომ მასწავლებლები მათგან მხოლოდ დასმულ კითხვებზე სწორი პასუხების გაცემას და გამოცდაზე მაღალი ქულების მიღებას ელიან. იმის გაცნობიერება, რომ მათ გამუდმებით ვიღაც აკონტროლებს, მოზარდებს სწავლის პროცესისადმი უარყოფითად განაწყობს. ისინი თვლიან, რომ შეუძლებელია შემეცნება სახალისო იყოს. სწორედ ამიტომ, მათი უდიდესი ნაწილი ასაკის მატებასთან ერთად ცდილობს სწავლისადმი რაც შეიძლება ნაკლები ინტერესი გამოავლინოს, რათა გამუდმებული წნეხისგან თავის დაღწევა შეძლოს.

ბავშვი, რომელიც ამბობს, რომ მას სწავლა არ აინტერესებს, სრულ სიმართლეს არ გეუბნებათ, რადგან რეალურად ახალი ცოდნის მიღება ნებისმიერი ადამიანისთვის სასურველია. როგორც წესი, სწავლის მოძულე ბავშვს სასკოლო გარემო თრგუნავს და მას უჭირს იმის გარკვევა, თუ რომელი სფერო იტაცებს ან რომელი დარგის სიღრმისეული შესწავლა სურს. საბედნიეროდ, ბავშვის გამოცოცხლება და მისთვის სწორი მიმართულების მიცემა ძნელი არ არის, თუ მშობელმა კარგად იცის როგორ მოიქცეს მსგავს შემთხვევებში. 

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო რჩევას, რომელთა დახმარებით ბავშვს შემეცნების პროცესით მარტივად დააინტერესებთ:

ბავშვი ადრეული ასაკიდანვე დააინტერესეთ, გახდით მისი ინსპირაციის წყარო

ჩვილ ბავშვებს ყველაფერი აინტერესებთ. ისინი მარტივად აღფრთოვანდებიან. ქვიშაში თამაშს, საკუთარი ხელების დათვალიერებას ან კუბებით პრიმიტიული ფიგურების აწყობას მათთვის წარმოუდგენელი სიხარულის მინიჭება შეუძლია. მშობლებმა ბავშვის ნებისმიერი ინტერესი აუცილებლად უნდა გაიზიარონ. თუ დაინახავთ, რომ თქვენი ბავშვი ობობის ქსელმა აღაფრთოვანა, ან ჭიამაიას დანახვამ გააოცა, მისი გაკვირვების ერთგვარ ანარეკლად უნდა იქცეთ. თქვენც ბავშვთან ერთად გაოცდით, დასვით კითხვები და ეცადეთ სამყარო თქვენს შვილთან ერთად ხელახლა შეიმეცნოთ. ხშირად გაისეირნეთ ბავშვთან ერთად. დაათვალიერეთ მუზეუმები, პარკები. თქვენი საკუთარი ქუჩაც კი ბავშვისთვის თავგადასავლების უშრეტი წყაროა. ბავშვს ყველგან შეუძლია სიახლის აღმოჩენა. ისწავლეთ მასთან ერთად, ითამაშეთ მასთან ერთად, გამოიკვლიეთ ყველა დეტალი და ბევრი ისაუბრეთ, იყავით მედიუმი ბავშვსა და სამყაროს შორის.

გამოიყენეთ მედია, რათა ბავშვს სწავლისადმი ინტერესი აღუძრათ

ბავშვთან ერთად ბევრი იკითხეთ. ეს თქვენი შვილის წიგნიერების დონეს მნიშვნელოვნად აამაღლებს. გააანალიზეთ ყველაფერი, რასაც კითხულობთ. ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ წიგნის კითხვა აქტიური, დინამიკური პროცესია. ნუ აუკრძალავთ ბავშვს სოციალური ქსელების ან ინტერნეტის გამოყენებას, რადგან მას მათი დახმარებით ახალი ცოდნის შეძენა შეუძლია. დაეხმარეთ ბავშვს საინტერესო Youtube-ის არხების აღმოჩენაში. გაარკვიეთ, რომელი დარგი და სფერო აინტერესებს თქვენს შვილს. დაეხმარეთ მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებაში. ნუ გამორთავთ ტელევიზორს, თუ ბავშვი შემეცნებით სატელევიზიო არხს უყურებს.

მიეცით ბავშვს მაგალითი

თქვენი ინტერესები და შემეცნებითი აქტივობა ბავშვისთვის შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. როდესაც რაღაც გაინტერესებთ, ცოდნის მიღების მარტივ გზებს ნუ გამოძებნით. ყოველთვის Google-ს იმედად არ უნდა იყოთ. დასვით მეტი შეკითხვა, თქვენთვის საინტერესო საკითხები სიღრმისეულად გამოიკვლიეთ. შესაძლოა, დასმულ კითხვებზე პასუხი ვერც მიიღოთ, მაგრამ გადაუჭრელი პრობლემებიც შემეცნებითი პროცესის აუცილებელი ნაწილია. ბავშვს თქვენი მიღწევების და მარცხის შესახებ გულახდილად უნდა ესაუბროთ. როდესაც ახალ ცოდნას იძენთ, ბავშვს აუცილებლად გაუზიარეთ თქვენი აღფრთოვანება. როდესაც შეცდომას უშვებთ, თქვენს შვილს აუხსენით, რომ შემეცნების პროცესში ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენაა და შეცდომებისგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება.

ნუ იქნებით ზედმეტად თვითდაჯერებული

ბავშვისთვის სწავლის პროცესი ხშირად სწორი პასუხების აღმოჩენასთან ასოცირდება. მშობლები, როგორც წესი, პატარებს ნამდვილ ექსპერტებად ევლინებიან და ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ კითხვაზე შეუძლიათ პასუხის გაცემა. უფლება მიეცით ბავშვს, რომ რიგ შემთხვევებში თავად იქცეს თქვენს მასწავლებლად. როდესაც მიხვდებით, რომ გარკვეულ საკითხებზე მან თქვენზე მეტი იცის, ეს აუცილებლად აღნიშნეთ. უთხარით ბავშვს კომპლიმენტები. ეს მის თვითშეფასებაზე დადებითად აისახება. კრიტიკული აზროვნების უნარის გასავითარებლად, ბავშვს ყოველთვის მიეცით საშუალება თავისი აზრი გამოთქვას, თუნდაც თქვენ სწორი პასუხი ზუსტად იცოდეთ, ბავშვს ამას ნუ აგრძნობინებთ. მასთან ერთად გააანალიზეთ ნებისმიერი საკითხი, იმსჯელეთ, მოუსმინეთ ერთმანეთის შეხედულებებს.

მიაჩვიეთ ბავშვი დამოუკიდებლობას

ბავშვს მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმის არ უნდა ეშინოდეს. მან ყოველთვის გახსნილად უნდა მიიღოს ნებისმიერი სიახლე. თუ წარმატებას ვერ მიაღწევს, უკან არ უნდა დაიხიოს და თავიდან სცადოს. გადაწყვეტილების მიღების უნარი და საკუთარი თავის იმედად ყოფნა მთავარი გაკვეთილია, რომელსაც ბავშვი ამ ცხოვრებაში იღებს. ბავშვები მიჩვეულები არიან დირექტივებს. მათ სკოლაში გამუდმებით მიუთითებენ, თუ რა უნდა ისწავლონ. მშობელი ბავშვს საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში უნდა დაეხმაროს. ბავშვებს თავიანთი ოცნებების ასრულება უნდა შეეძლოთ. თქვენმა შვილმა სწავლის პროცესს განსხვავებულად უნდა შეხედოს. დაეხმარეთ მას შემეცნების სიღრმეების გაცნობაში. როდესაც ბავშვი სწავლის პროცესს სხვა თვალით უყურებს, კითხვებს სვამს, რეფლექსირებს და სიღრმისეულ ანალიზს ეჩვევა, ის საკუთარი თავის უკეთ გაცნობას ახერხებს. ბავშვისთვის შემეცნების პროცესი სასიამოვნო უნდა იყოს. დამოუკიდებელი ბავშვები, რომლებსაც თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ, გამუდმებით უფროსების ნება-სურვილს დამორჩილებულ ბავშვებთან შედარებით სწავლისადმი მეტ ინტერესს ავლენენ. 

ავტორი: ია ნაროუშვილი 
წაიკითხეთ სრულად