Baby Bag

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ახალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ოცნებების ასრულება''

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ახალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ოცნებების ასრულება''

„ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას“ - ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები მკაფიოდ სახავს სახელმძღვანელო პრინციპს ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, ვისთვისაც უმთავრესი მიზანი მუდმივი წინსვლა და განვითარებაა.

ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ბავშვი იზრდებოდეს უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში, ჰქონდეს განათლების, გართობის, ჯანმრთელი ცხოვრების სრულფასოვანი პირობები - ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა.

წლევანდელ ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებულ პირობებში აღვნიშნავთ. უპრეცედენტო გამოწვევის პირისპირ, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დადგა, ჩვენი სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა, აღმზრდელებმა და პედაგოგებმა მთელ ქვეყანაში, ყველამ, ვინც ცხოვრების მთავარ საქმედ მომავალ თაობებზე ზრუნვა აირჩია, ძალისხმევის მაქსიმუმი გაიღო, რათა შეგვემსუბუქებინა სკოლისა და მეგობრებისაგან დაშორების სირთულეები, მოგვეძებნა განათლებისა და შინაარსიანი დასვენების ახალი გზები ჩვენი შვილებისათვის.

ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღმოვფხვრათ ბავშვთა შორის და ბავშვთა მიმართ ძალადობა, ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, შევქმნათ თვითრეალიზაციის ყველა პირობა, რათა საქართველოს ახალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ოცნებების ასრულება," - აღნიშნულის განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გააკეთა. 


შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

წაიკითხეთ სრულად