Baby Bag

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება, გადაიწიოს“ - ეკატარინე ტიკარაძე

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება, გადაიწიოს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თუმცა, როგორც სხვა ქვეყნები, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად სწავლის გაგრძელება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების სამინისტროსთან ინტენსიურად მუშაობენ და ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება:

„ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გავცემთ და ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სახის შეღავათს მიიღებენ მასწავლებლები და მოსწავლეები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში?

რა სახის შეღავათს მიიღებენ მასწავლებლები და მოსწავლეები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს – შპს „მაგთიკომს“, შპს „ვიონ საქართველოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობას შეძლებენ.

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მემორანდუმი ითვალისწინებს ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტის 10 ლარად შეთავაზებას, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ დარგის სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად 20GB ინტერნეტი სრულიად საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებისა და შესაბამისი რესურსების მოძიებისთვის.

სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ მოაწერა, ხოლო მობილური ოპერატორებიდან: შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ზარიძემ, შპს „ვიონ საქართველოს“ იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი ესართიამ და სს „სილქნეტის“ კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ჟორჟიკაშვილმა.

ეკატერინე დგებუაძემ გლობალური პანდემიის პირობებში საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა მობილური ოპერატორების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის. როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც „სილქნეტმა“, „მაგთიკომმა“ და „ვიონი საქართველომ“ განათლების სფეროს მიმართ გამოიჩინეს.

შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე – www.mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. ვებგვერდი www.mobile.emis.ge 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

წაიკითხეთ სრულად