Baby Bag

„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ“ - ლადო აფხაზავას საინტერესო ექსპერიმენტი

„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ“ - ლადო აფხაზავას საინტერესო ექსპერიმენტი

2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში საინტერესო ექპერიმენტის შესახებ წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ. თან გავაფრთხილე, რომ ქვის სროლა ძალიან რთული დავალება იქნებოდა. ბევრი იცინეს და ბევრი ქვის სროლაც მოასწრეს უმისამართოდ, სანამ მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდოდი და სამიზნეს დავუდგამდი. მათ სამიზნედ ოთკუთხედ ჩარჩოზე გადაჭიმული სიფრიფანა ქაღალდი დავუდე. პირველად ერთი ქვა უნდა მოეძებნათ და სამიზნისთვის ესროლათ. ესროლეს, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაარტყა. ახლა ორი ქვის სროლის ნება მივეცი, მაგრამ ვერც ახლა მოახერხეს, თუმცა რამდენიმეს ცოტა დააკლდა. იმ დღეს ხუთ ქვაზე ავედით და მხოლოდ ერთმა გაარტყა, ისიც ჩარჩოს და ქაღალდი უვნებელი დარჩა. მაშინ მათ ვუთხარი, რომ, როცა ქვების უმისამართოდ სროლა ძალიან ადვილი იყო მათთვის, მაგრამ როგორც კი სამიზნე გამოჩნდა, ყველაფერი გართულდა.

როცა მარტო ცოდნისთვის ასწავლი, უბრალოდ წაკითხული, დაზეპირებული მეორე დღეს ისევ მოგიყვეს, ეს ძალიან ადვილია და უმისამართოდ ქვის სროლას ჰგავს და მაგრამ, როცა იმას ასწავლი, თუ როგორ და რისთვის ისწავლოს, სამიზნის მათ წინ დადების ტოლფასია, რომელიც არ გასვენებს, სანამ ქვას არ გაარტყამ.

როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, სამიზნე დადებული მქონდა და ვიცოდი, რისთვის მესროლა. ჰოდა, ნურავის გაუკვირდება, ამდენი წლის შემდეგ რომ გავარტყი. მე ხომ ბევრი ვიმუშავე ამისთვის“, - წერს ლადო აფხაზავა.


შეიძლება დაინტერესდეთ

გამოცხადდება თუ არა დღეს 5-კრედიტიან ტრენინგებზე რეგისტრაცია - რას აცხადებენ მასწავლებლის სახლში

გამოცხადდება თუ არა დღეს 5-კრედიტიან ტრენინგებზე რეგისტრაცია - რას აცხადებენ მასწავლებლის სახლში

„5-კრედიტიან ტრენინგებზე რეგისტრაცია დღეს არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ ​Moms.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. მათივე თქმით, ტრენინგებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ კვირაში გამოქვეყნდება.

როგორც მასწავლებლის სახლის ხელძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ ჩვენთან ინტერვიუში დააანონსა, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ჩატარდება ხუთკრედიტიანი ტრენინგები, რომლის მეშვეობითაც კრედიტების შევსებასა და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას შეძლებენ.

„პრაქტიკოს პედაგოგს მიეცემა უფლება, 19 კრედიტქულამდე გარე მექანიზმებით შეივსოს და დაადასტუროს კომპეტენცია. რას ნიშნავს გარე მექანიზმები? - 5 კრედიტის ფარგლებში მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, გაიაროს ტრენინგმოდულები და წარმატებით გავლის შემთხვევაში, დააგროვოს 5 კრედიტი. თუ გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, პარალელურად ჩააბაროს და ამით შეივსოს 19 კრედიტქულამდე. გარე მექანიზმებია ტრენინგები და გამოცდა.

დღეს სისტემაში 14 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია, მათგან დაახლოებით 7 000-მდე პედაგოგს არც ერთი გამოცდა არა აქვს ჩაბარებული და შესაბამისად, კომპეტენცია არ აქვს დადასტურებული. 2 000-მდე მასწავლებელს ორივე საგანი ჩაბარებული აქვს, 2 700 მასწავლებელს საგნის გამოცდა აქვს ჩაბარებული, 2 300-ს კი პროფესიული უნარების გამოცდა.

ტრენინგებზე ადგილების რაოდენობა არ იქნება შეზღუდული. პედაგოგებს 3 კრედიტის მოპოვება შეეძლებათ საგნობრივი კომპეტენციის ტრენინგებიდან, 2 კრედიტის - პროფესიული უნარების ტრენინგებიდან. მასწავლებლებს ტრენინგ მოდულების წარმატებით გავლის შემთხვევაში, 1-დან 5-მდე კრედიტის დაგროვების შესაძლებლობა ექნებათ. პედაგოგები მათთვის სასურველი და საჭირო კრედიტქულის შესაბამისი ტრენინგმოდულის შერჩევას შეძლებენ,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძე.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლ​ების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად