საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
„თითოეული სკოლა იღებს სამ ცალ რობოტს, რომელზეც მოსწავლეებმა უნდა დატესტონ ეს ალგორითმები,“- ნანა დიხამინჯია საქართველოს სკოლებში ახალი პროექტის შესახებ საუბრობს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორმა ნანა დიხამინჯიამ საქართველოს სკოლებში ხელოვნური ინტელექტის კლუბების შექმნის პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში 30 სკოლა შეირჩევა, რომელიც პროექტში მონაწილეობას მიიღებს:
„სულ საქართველოს მასშტაბით, რეგიონების ჩათვლით, შეირჩევა 30 სკოლა. უპირატესობა ენიჭება საჯარო სკოლებს. ამ პროექტის ფარგლებში დავატრენინგებთ მასწავლებლებს. მასწავლებლები წარმართავენ კლუბებს. თითოეული სკოლა იღებს სამ ცალ რობოტს, რომელზეც მოსწავლეებმა უნდა დატესტონ ეს ალგორითმები.“
ნანა დიხამინჯიამ აშშ-ს საელჩოს პროგრამის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა:
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ს საელჩოს ამ ტიპის პროგრამების დაფინანსებისთვის. მათ ხშირად აქვთ ასეთი პროგრამები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების არაფორმალურ განათლებას. ჩვენი პარტნიორი ამ პროექტში არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. სწორედ ის დაგვეხმარება სკოლებთან ურთიერთობაში. ფაბლაბის ბაზაზე შეიქმნება 90 რობოტი, რომელიც დაურიგდებათ ამ სკოლებს.“
„მასწავლებელთა კომპეტენციას რაც შეეხება, ახლა გვაქვს მიმდინარე პროექტი, რომელიც გულისხმობს სამი წლის განმავლობაში საქართველოს 100 სკოლაში ტექნოლოგიური კლუბების შექმნას. იქ უკვე მასწავლებლები ჩართულები არიან სხვადასხვა პროექტში და ჩანს მასწავლებელთა რესურსი. მასალები, რომლებსაც ვიყენებთ შექმნილია ამერიკული სკოლებისთვის, იქ არის აპრობირებული. ჩვენ ამას ქართულად ვთარგმნით, ადაპტაციას ვუკეთებთ. ეს მასალები ღიად დაიდება. ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით, რომ ნებისმიერ სკოლას, რომელიც პროექტში ვერ მიიღებს მონაწილეობას, დავეხმაროთ ამ ტიპის კლუბის გამართვაში,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა დიხამინჯიამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა