საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
თუ მოსწავლეს მიღებული წლიური ქულა არ დააკმაყოფილებს - დეტალური ინსტრუქცია
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლისათვის (გარდა XII კლასის მოსწავლე) განსაზღვრული წლიური ქულა არ არის დამაკმაყოფილებელი და სურს საგნის წლიური ქულის ამაღლება სურს:
ა) მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 2020 წლის 16 ივნისიდან - 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის/ნიშნების ამაღლების სურვილს.
ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში კონკრეტული საგნების მიხედვით განსაზღვრავს შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შესრულების და შეფასების ვადებს. თითოეული საგნის მასწავლებელი მოსწავლის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე იწყებს მოსწავლისთვის შემაჯამებელი კომპლექსური დავალების მომზადებას. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და კონსულტაცია გაუწიოს მიცემული დავალების მომზადების პროცესში.
გ) მოსწავლის შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შეფასება მასწავლებელმა უნდა მოახდინოს 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრის სემესტრული ქულის დაწერამდე.
დ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული, რომელიც დამრგვალდება მთელის სიზუსტით.