საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
როგორ არ გამოეთიშა პედაგოგობის მსურველი საგამოცდო პროცესს - „კადრს მიღმა“ დარჩენილი ერთი ისტორია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეიკო ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე დღეს მომხდარი დასამახსოვრებელი ამბის შესახებ წერს. მისი თქმით, ერთ-ერთ პედაგოგობის მსურველს საგამოცდო ცენტრი აერია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
„ოდესმე აუცილებლად დავწერ იმ ისტორიებს, რომლებიც „კადრს მიღმა“ რჩება. დავწერ იმაზე, თუ როგორი უპირობო ერთგულებაა იმ ადამიანებში, რომლებიც საგამოცდო პროცესის მონაწილეები არიან. როგორი პროფესიული სიყვარულით, პატივისცემით აკეთებენ თავიანთ საქმეს.
ყველაზე რთული და თავისებურად ამაღელვებელი მომენტია, როდესაც რეგისტრაციის დასრულებამდე და გამოცდის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთი რჩება. ყველა მობილიზებულია. თანამშრომლები გარეთ გადიან, რომ გვიან მოსული ცენტრში რაც შეიძლება მალე შემოიყვანონ. ამ ძალისხმევის შედეგია, რომ ბევრი არ გამოეთიშა საგამოცდო პროცესს. დღესაც იყო ასეთი შემთხვევა, ერთ-ერთ პედაგოგობის მსურველს მისამართი აერია და შეცდომით, N117 სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის ნაცვლად, N103 სკოლაში მივიდა. როგორც კი ეს ამბავი გაიგეს, დაცვის თანამშრომლებმა რომ არ დაეგვიანა, მაშინვე მანქანაში ჩასვეს და თავიანთი მანქანით მიიყვანეს მის საგამოცდო ცენტრში. ზუსტად 7 წუთში გამოცდაც დაიწყო. თითქოს არაფერი... მაგრამ სწორედ ასეთი ადამიანური თანადგომითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით დიდი საქმეების კეთება იწყება,“ - წერს თეიკო ანჯაფარიძე.