საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
მასწავლებლის სახლი პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში კონკურსს აცხადებს
მასწავლებლის სახლი პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს შემდეგი საგნობრივი მიმართულებით:
ქართული ენა და ლიტერატურა
ინგლისური ენა
მათემატიკა
ფიზიკა-მათემატიკა
ფიზიკა
ქიმია-ბიოლოგია
რუსული
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:
უმაღლესი განათლების მქონე სერტიფიცირებულ ან მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირს და პედაგოგებს, რომელთაც დადასტურებული აქვთ შესაბამისი საგნის კომპეტენცია.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე: www.hr.gov.ge2019 წლის 22 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე:
პროგრამის მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ:
დასაქმდნენ საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში და უზრუნველყონ საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.
მასწავლებლის საათობრივ ანაზღაურებასთან ერთად მიიღონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დანიშნული დანამატი;
ჩაერთონ ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში;
მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები;
იზრუნონ ადგილობრივი პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე;
არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები;
„ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.