Baby Bag

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლია. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.

ლადოს მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება. სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას.

აღსანიშნავია, რომ ლადო აქტიურად თანამშრომლობს კოლეგებთან არამხოლოდ საკუთარ სკოლაში, არამედ მთლიანად რეგიონის და ქვეყნის მასშტაბითაც.

რაც შეეხება​ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველოს“ ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

შეიძლება დაინტერესდეთ

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი ცხადდება

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი ცხადდება

​მწერალთა სახლი გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.

მოსწავლეებმა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:

კარცერი-ლუქსი - ოცნება წიგნის მოყვარულთათვის („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“).

გზა მწყემსობიდან ვატერპოლომდე („ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“).

ჩემი საყვარელი ნაწარმოები გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან.

საკონკურსო ესეები უნდა გაგზავნოთ ელექტრონული სახით მისამართზე [email protected]. ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი - Sylfaen, ზომა - 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას).

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი.

ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება.

დაჯილდოება გაიმართება დეკემბრის ბოლოს მწერალთა სახლში.

გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.

I პრემია - 500 ლარიანი ვაუჩერი

II პრემია - 300 ლარიანი ვაუჩერი

III პრემია - 200 ლარიანი ვაუჩერი

გამარჯვებული მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მათი ღამისთევა.

წაიკითხეთ სრულად