Baby Bag

გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, დაზუსტდა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურისა და საგნის გამოცდის უსაფრთხოდ ჩატარების წესები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე გამოცდის ჩატარების წესებში ახალი დაზუსტება შევიდა: მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა.

ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებით დაზუსტდა, რომ ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა.

ჩართული კონდიციონერის პირობებში სავალდებულოა პირბადის გაკეთება.

კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.

კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს:

  • ფიზიკური დისტანცია;
  • დაცული უნდა იყოს ხელების ჰიგიენა;
  • რესპირატორული ეტიკეტი;
  • ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი;
  • კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე
  • აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია;
  • დაუშვებელია ერთი და იგივე ჰაერის რე-ცირკულაცია;

აქვე აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომელიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

‼ საგამოცდო ცენტრში უნდა ეკეთოთ (გარდა 37.0 C- ზე მეტი ტემპერატურისა და რესპირატორული რომელიმე სხვა სიმპტომის მქონე გამოსაცდელისა) ნიღაბი :

სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;

საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;

სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;

კონდიციონერის მუშაობისას.

‼ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს აღენიშნება ტემპერატურა 37.0 С - ზე მეტი ან რესპირატორული სხვა რომელიმე სიმპტომი, იგი ვალდებულია საგამოცდო ცენტრში მუდმივად ატაროს ნიღაბი.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკური 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები ცნობილია

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ პირველად შედეგებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.


საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.


შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).


ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი (17.5 ქულაზე მეტი). მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).


სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.



წაიკითხეთ სრულად