Baby Bag

განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება

განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრების წარმომადგენლებთან და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად აქტიურად მუშაობს სკოლებისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელთა შემუშავებისას მნიშვნელოვანია სკოლებისა და რესურსცენტრების ჩართულობა, რათა სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა უსაფრთხოება და ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვისა და სასწავლო პროცესის რეგულირების შესახებ დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში სამინისტროსთან ერთად მონაწილეობენ როგორც სკოლის დირექტორები, რესურსცენტრის ხელმძღვანელები და განათლების ექსპერტები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზანიზაციების წარმომადგენლებიც, ითვალისწინებს ყველა იმ საჭიროებას, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობას უკავშირდება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეებს ზოგადი განათლების მიმართულებით კონკრეტულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრის საშუალებაც მიეცათ.

ახალი სასწავლო წლის დაწყების მოახლოებასთან ერთად სამინისტრო გააგრძელებს მხარეებს შორის თანამშრომლობას.

შეიძლება დაინტერესდეთ

სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეთ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად

სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეთ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ხვალიდან შეძლებენ - ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ​ვებგვერდზე​ და ელექტრონულ ​პორტალზე​.

ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს.

ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს.

სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:

სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;

„ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.

წაიკითხეთ სრულად