Baby Bag

განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება

განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრების წარმომადგენლებთან და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად აქტიურად მუშაობს სკოლებისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელთა შემუშავებისას მნიშვნელოვანია სკოლებისა და რესურსცენტრების ჩართულობა, რათა სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა უსაფრთხოება და ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვისა და სასწავლო პროცესის რეგულირების შესახებ დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში სამინისტროსთან ერთად მონაწილეობენ როგორც სკოლის დირექტორები, რესურსცენტრის ხელმძღვანელები და განათლების ექსპერტები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზანიზაციების წარმომადგენლებიც, ითვალისწინებს ყველა იმ საჭიროებას, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობას უკავშირდება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეებს ზოგადი განათლების მიმართულებით კონკრეტულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრის საშუალებაც მიეცათ.

ახალი სასწავლო წლის დაწყების მოახლოებასთან ერთად სამინისტრო გააგრძელებს მხარეებს შორის თანამშრომლობას.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არასწორი იყო ზოგიერთის შეფასება, რომ კოვიდი მხოლოდ ხანდაზმულების დაავადებაა, ამის გამო ახალგაზრდები ზედმეტად გათამამდნენ და არ იცავდნენ რეგულაციებს''

,,არასწორი იყო ზოგიერთის შეფასება, რომ კოვიდი მხოლოდ ხანდაზმულების დაავადებაა, ამის გამო ახალგაზრდები ზედმეტად გათამამდნენ და არ იცავდნენ რეგულაციებს''

ზოგიერთის შეფასებით, ცუდი პოზიცია იყო, რომ კოვიდი მხოლოდ ხანდაზმულების დაავადებაა. სწორედ ამიტომ საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილი ზედმეტად გათამამდა და არ იცავდა რეგულაციებს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ​ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „კოვიდ-19“-ისგან გამოწვეული გართულებები საფრთხეს უქმნის როგორც ხანდაზმულებს, ასევე ახალგაზრდებს.

„კონკრეტულად 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ შეგვისწავლია იმიტომ, რომ ეს ჩვენთან არ მომხდარა. დღეს ვაპირებთ ამის გარჩევას. ჩვენ გვესმოდა 32, 34, 36, 15 წლის პაციენტების გარდაცვალების შემთხვევები, ახლა 19 წლის. ზოგადად, ასეთი ტენდენციაა მსოფლიოში, ეს ყოველთვის იყო. ზოგიერთი ამბობდა, ცუდი პოზიცია იყო, რომ კოვიდი მხოლოდ ხანდაზმულების დაავადებაა, ის საფრთხეს არ უქმნის ახალგაზრდებს. ამან ცუდი სამსახური გაუწია საზოგადოებას, რადგან სწორედ ამიტომ საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილი ზედმეტად გათამამდა და არ იცავდა რეგულაციებს და არ ფიქრობდა იმაზე, რომ თვითონ შეიძლება მსუბუქად გადაიტანოს, თუმცა ოჯახში ხანდაზმულ ადამიანებს უქმნის საფრთხეს.

ახლა მარტო ხანდაზმულ ადამიანებზეც არაა საქმე, თვითონ ახალგაზრდებს ექმნებათ საფრთხე. არის კოვიდის გართულებები, გულის უეცარი გაჩერება და სხვა გართულებები, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ახალგაზრდებს, ისე ასაკოვნებს. ეს ახალი არ არის, უბრალოდ რადგან ჩვენთან შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, ასეთ შემთხვევებიც გამოჩნდა, თორემ ეს ყოველთვის იყო.

მაგალითად, ამერიკის ოფიციალური მონაცემებით, ამერიკაში გარდაცვლილთა 20 პროცენტი 60 წელზე ახალგაზრდაა. ჩვენთან ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალება მაინც იშვიათია, ვიდრე უცხოეთში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ჰოსპიტალის გარეთ კოვიდინფიცირებული მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევები ცოტაა.

„ძნელად, თუმცა მაინც ვახერხებთ, რომ ავადმყოფი ექიმის გარეშე, ხოლო მძიმე ავადმყოფი ჰოსპიტალიზაციის გარეშე არ დარჩეს. საქართველოში ძალიან ცოტაა ჰოსპიტალის გარეთ გარდაცვალების შემთხვევები. ბინასა და სასტუმროში გარდაცვალების ერთეული შემთხვევებია, 15 შემთხვევაზე მეტი არ იქნება, მაშინ როდესაც უცხოეთში არის ასეული და ათასეული ასეთი შემთხვევა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

წაიკითხეთ სრულად