„ახალი სქემა ორიენტირებულია მასწავლებლის დასჯის და სამსახურიდან დათხოვნის პირობების განმარტებაზე“ - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. წერილში ასოციაცია მთავრობის მეთაურს ახალი სქემის გაუქმებას სთხოვს. MomsEdu.ge გთავაზობთ წერილს, რომელიც საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციამ ახლახან გამოაქვეყნა ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში დასაქმებულთა და სფეროს განვითარებით დაინტერესებულ პირთა ღია წერილი პრემიერ მინისტრს
07 ივლისი, 2020წ
საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ გიორგი გახარიას
ბატონო გიორგი,
უპირველეს ყოვლისა მოგმართავთ თხოვნით და იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ირღვევა მასწავლებელთა უფლებები და, თუ თქვენ არ მოახდენთ ჩვენს მიერ წამოჭრილ პრობლემაზე რეაგირებას, ვფიქრობთ, რომ ზოგადსაგანმანათლო დაწესებულებები დარჩება პროფესიონალი კადრის გარეშე და არც ახალგაზრდებს ექნებათ სურვილი, რომ მომავალში დაეუფლონ მასწავლებლის პროფესიას, ვინაიდან "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა", რომელიც დამტკიცდა 2020 წლის 26 ივნისს, საქართველოს მთავრობის N390 დადგენილებით არ ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და არ არის ორიენტირებული უკვე არსებული, თუ პროფესიაში შემსვლელი კადრის მოზიდვასა და შენარჩუნებაზე.
ბატონო პრემიერო, მოგმართავთ თხოვნით, გაუქმდეს "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა" რომელიც მიღებულია 2020 წლის 26 ივნისს საქართველოს მთავრობის N390 დადგენილებით.
დადგენილების გაუქმების მოთხოვნის საფუძველი:
საქართველოს მთავრობის დადგენილება N390 - ით (2020 წლის 26 ივნისი) მიღებული "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა" არ პასუხობს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს, კონკრეტულად, დარღვეულია მითითებული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი, ვინაიდან N390-ე (2020 წლის 26 ივნისი) დადგენილებაში არ იკითხება ცვლილებები საქართველოს მთავრობის N241-ე (2019წლის 23 მაისი) დადგენილებებაში არსებული თავებისა და მუხლების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის დადგენილება N390-ე (2020 წლის 26 ივნისი) წარმოადგენს არსებითად ახალ დოკუმენტს, რომელიც არ ითვალისწინებს მასწავლებლის ინტერესებს. აგრეთვე, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში N390 (2020 წლის 26 ივნისი) არ იძებნება საქართველოს მთვრობის დადგენილების N241 (2019წლის 23 მაისი)
თავი II „ზოგადი დებულება“ და მასში არსებული ჩანაწერი, კონკრეტულად:
თავი II. ზოგადი დებულებები
სქემის მიზანი და ამოცანა:
სქემის უმთავრესი მიზანია მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მასწავლებლის სისტემური პროფესიული განვითარების გზით. სქემის ამოცანაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიის პრესტიჟის ზრდას, საუკეთესო ახალი კადრების მოზიდვას, არსებული პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას. სქემის დანიშნულებაა:
• მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და შეფასების სისტემის ჰარმონიზაცია;
• მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გამართვა და დაკავშირება პროფესიულ საქმიანობასთან;
• მასწავლებლის შეფასების კომპლექსური და ეფექტიანი სისტემის შემუშავება, რომელიც დაკავშირებულია კარიერულ ზრდასა და ანაზღაურებასთან;
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება და მათი აქტიური ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული
განვითარებისა და შეფასების პროცესში. [საქართველოს მთავრობის N241 დადგენილება (2019წლის 23 მაისი)] დადგენილების გაუქმებაზე უარის შემთხვევაში:
გთხოვთ, განგვიმარტოთ რა მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის დადგენილებოთ N390 (2020 წლის 26 ივნისი) დამტკიცებული დოკუმენტის გამოცემა, ვინაიდან მას არ გააჩნია შესავალი (პრემბულა) და არ არის განმარტებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიზანი, ამოცანები და სქემის დანიშნულება. ჩვენი შეფასებით კი, ის წარმოადგენს მხოლოდ მასწავლებლის შეფასების წესს, კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს, შესაბამისად დოკუმენტის შინაარსი არ არის მისი სათაურის რელევანტური. იგი ორიენტირებულია მასწავლებლის დასჯის და სამსახურიდან დათხოვნის პირობების განმარტებაზე. ასევე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით N390 (2020 წლის 26 ივნისი) საქართველოს მთავრობის დადგენილების N241 (2019წლის 23 მაისი), რომელ მუხლებშია შეტანილი ცვლილება და აღნიშნული დადგენილების რა ნაწილშია მოცემული მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მასწავლებელს "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" ფარგლებში? აგრეთვე, გთხოვთ გაგვაცნოთ საქართველოს მთავრობის დადგენილების N241 (2019 წლის 23 მაისი) შესრულების მონიტორინგის შედეგები და განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, რის გამოც დადგა დღის წესრიგში "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა? საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები: საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი:
ელზა ბადაშვილი (განათლების მეცნიერებათა დოქტორი)
ზოგადი განათლების სფეროს სპეციალისტი: ქეთევან აბესაძე (სტუ-ს სოციალურ მეცნირებათა დოქტორანტი)
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2020 წლის 1-ლი ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება მე-12 კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:
ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით მე-12 კლასის პროგრამის დაძლევა, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება,რომელშიც სავალდებულოა მითითებულ იქნას შემდეგი ინფორმაცია:
ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
მე-12 კლასში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლებისდაძლევის მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირს დაძლეული აქვს წინმსწრები კლასი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:
წინსმწრები კლასის დაძლევის თაობაზე ცნობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გასცემენ დისტანციურად, ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლის ელექტრონულ მისამართზე გადაგზავნილი განცხადების საფუძველზე.
ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ელექტრონულად გადაუგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან რესურსცენტრის მიერ დადგენილი წესით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ რესურსცენტრის წარმომადგენელს. რესურსცენტრი 2 დღის ვადაში დაუდასტურებს განმცხადებელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება დაუყოვნებლივ. რესურსცენტრი ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220.