2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი რეკომენდაციით, შესაძლოა, სასწავლო დღეებს შაბათი დაემატოს.
„სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, სასწავლო დღედ გამოყენებულ იქნას შაბათი,“ - აღნიშნულია სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ შაბათის სასწავლო დღედ გამოყენების შესახებ ისაუბრა.
„ესაა რეკომენდაციაა და არაა სავალდებულო. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა ჩათვლის, რომ დღეების რაოდენობიდან გამომდინარე, ის საათები, რომელსაც ის დააორგანიზებს, აკლია და სჭირდება დამატებითი დღე ან საათები, მას შეუძლია, შაბათი დღეც სასწავლოდ გამოიყენოს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნებას. უკვე ცნობილია შედეგები მათემატიკაში, ხელოვნებაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge. გამოსაცდელებს საშუალება ექნებათ, გაასაჩივრონ, როგორც ცალკეული დავალება, ასევე მთლიანი ნაშრომი. გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი სააპელაციო კომისია.
რაც შეეხება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს, თვის ბოლოს გამოქვეყნდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეეძლებათ.
ცენტრის ცნობით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.
2020 წლის საგამოცდო პროცესი 6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდით დაიწყო და 4 აგვისტოს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. საქართველოს მასშტაბით გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი.