2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი რეკომენდაციით, შესაძლოა, სასწავლო დღეებს შაბათი დაემატოს.
„სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, სასწავლო დღედ გამოყენებულ იქნას შაბათი,“ - აღნიშნულია სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ შაბათის სასწავლო დღედ გამოყენების შესახებ ისაუბრა.
„ესაა რეკომენდაციაა და არაა სავალდებულო. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა ჩათვლის, რომ დღეების რაოდენობიდან გამომდინარე, ის საათები, რომელსაც ის დააორგანიზებს, აკლია და სჭირდება დამატებითი დღე ან საათები, მას შეუძლია, შაბათი დღეც სასწავლოდ გამოიყენოს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
„ტელესკოლისთვის“ 2021-2023 წლებში საორიენტაციო ხარჯი 3.8 მილიონი ლარი იქნება
„ტელესკოლისთვის“ 2021-2023 წლებში საორიენტაციო ხარჯი 3.8 მილიონი ლარი იქნება, - აღნიშნულის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული.
,,კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის „ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა“ ფარგლებში (პროგრამული კოდი 32 02 14) ხორციელდება ქვეპროგრამა „ტელესკოლა“, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 404.2 ათას ლარს (აღნიშნული პროგრამის მიხედვით, ქვეპროგრამის განხორციელების ვადებია 2020 წლის 30 მარტი - 30 ივნისი, შესაბამისად დაახლოებით გულისხმობს 3 თვეს). საიდანაც მასწავლებლების ხელფასებისთვის გათვალისწინებულია 254,155 ლარი, ხოლო ტელეგაკვეთილების და საინფორმაციო ტიხრების გადაღებისთვის 150,000 ლარი. მიმდინარე პერიოდში სამთვიანი ხელშეკრულებებით დასაქმებული იყო 65 პირი (კოორდინატორი, ფსიქოლოგი, ჯგუფის ხელმძღვანელი, სურდოპედაგოგი, ექსპერტები). ასევე 53 მასწავლებელი 440 გაკვეთილის ჩასატარებლად. საგულისხმოა, რომ ტელეწამყვანის (მასწავლებლის), არაქართულენოვანი (სომხური და აზერბაიჯანული) სკოლების ტელეწამყვანი მასწავლებლისა, რუსულენოვანი ტელეწამყვანისა და ცეკვის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვრება ჩატარებული ერთეული სატელევიზიო გაკვეთილის შესაბამისად. სატელევიზიო გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს სულ მცირე 15 წუთს, ხოლო ანაზღაურება 125.0 ლარს. ზემოხსენებული პროგრამისთვის საშუალოვადიან 2021-2023 წლებში საორიენტაციო ხარჯი იქნება 3.8 მლნ. ლარი. 2020 წლისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან საჭიროა დაახლოებით 800.0 ათასი ლარი (სემესტრულად განხილვის შემთხვევაში) მიმდინარე წლის არსებულ და დარჩენილ პერიოდზე,'' - აღნიშნულია დოკუმენტში.