Baby Bag

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე დისტანციურად ჩატარდება

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე დისტანციურად ჩატარდება

ბათუმსა და ქობულეთში პირველ ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურად ჩატარდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი და შესაბამისად, გარკვეული რაოდენობის ინფიცირებულთა ზრდას ველოდებოდით, ამისთვის როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი არის მზად. მთავარი არის, რომ ეპიდემიის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი გამოიწვევს მობილობის კიდევ უფრო გაზრდას, ჩვენ გარკვეული გადაწყვეტილებები დღეს მივიღეთ - ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება. სწავლა იქნება დისტანციურად პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ბათუმსა და ქობულეთში ბავშვები სკოლებში და სტუდენტები აუდიტორიებში სწავლას 1-ლი ოქტომბრიდან განაგრძობენ, მანამდე სწავლა დაიწყება დისტანციურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა გაუქმდეს,“ - შალვა ამონაშვილი

ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი „იმედის დღეში“ ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და აბიტურიენტების ჭარბი მღელვარების შესახებ საუბრობს:

„ჩემი თაობაც ნერვიულობდა გამოცდების დროს, მაგრამ მღელვარება ისეთი არ იყო, როგორიც ახლაა. დღეს მშობლებიც ერთვებიან ამ მღელვარებაში, საზოგადოება შფოთავს, ამას ჰქვია სახელმწიფო გამოცდები. მაშინ სკოლაში ვაბარებდით. მე მგონია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა გაუქმდეს. მშობელი და მასწავლებელი დაყარაულებულია გამოცდების გამო, სხვა არაფერზე ფიქრობს. მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასები ამითაა ყველა დაკავებული. ამ დროს ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს მსოფლმხედველობა, რა არის ქვეყანა, დასვას კითხვები: ვინ ვარ მე, რისთვის გავჩნდი, სად მივდივარ? ფილოსოფიური ცნობიერების გარეშე ახალგაზრდა სკოლიდან არ უნდა წავიდეს. ახლა კი ვუსურვებ ახალგაზრდებს, რომ კარგად ჩააბარონ, მაგრამ ყველაზე მთავარი გამოცდა წერა და მათემატიკა კი არ არის, კაცობის და მოქალაქეობის გამოცდაა.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ახალი თაობა იმდენად გამორჩეულია, რომ მშობლებს მღელვარების საფუძველი არ აქვთ:

„ჩვენ ისეთი კარგი თაობა მოგვდის, რომ ასეთი შფოთვა არ გვჭირდება. ჩვენი ფიქრი, შფოთვა, დაძაბული ნერვები და ენერგია მიდის ბავშვისკენ. ის რომ გამოცდაზე ზის, შეიძლება, რაღაც დაავიწყდეს. ბავშვს კარგი ენერგია უნდა მიუვიდეს, იმედიანი, საღი, სიყვარულით სავსე. ჩვენ ერთმანეთის ენერგიებს ვიღებთ, ამიტომ მშობლებს ვურჩევ, შვილზე ცუდი არ იფიქრონ. ბავშვები თავისუფლად გაუშვით გამოცდაზე, ლაღად წავიდნენ, გაამხნევეთ. უთხარით, რომ ჩააბარებს, ისიც უთხარით, რომ თუ რაღაც მოხდა მისი მშობლები ხართ და მის გვერდით ხართ.“

„ახალგაზრდამ მოუმზადებლობის შემთხვევაშიც კი, შეიძლება, წარმატებით ჩააბაროს გამოცდა. ისეთი კითხვა შეხვდეს, რომ გაუმართლოს. პედაგოგები ბავშვებს აძლევენ ცოდნას და არ ამხნევებენ ბავშვს. მასწავლებელმა უნდა იამაყოს არა თავისი ძლიერი მოსწავლეებით, არამედ სუსტებით, რომლებიც ძლიერი გახადა. მასწავლებლებს ვურჩევ, რომ როდესაც მოსწავლეს ცოდნას აძლევთ, იქვე იმედიც მიეცით. ამავე დროს პედაგოგმა უნდა გამოავლინოს ძალიან დიდი სიყვარული. არ შეიძლება ბავშვი სკოლიდან გავიდეს განაწყენებული. ეს განაწყენება ცხოვრებაზე გადადის,“ - აცხადებს შალვა ამონაშვილი.

წაიკითხეთ სრულად