Baby Bag

,,სკოლა ვალდებული იქნება, შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები''

,,სკოლა ვალდებული იქნება, შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები''

სკოლა ვალდებული იქნება, სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები. კანონში შესატანი ცვლილების ინიცირება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხორციელდა.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს.

„კოვიდ19-მა დაგვანახა, რომ ეს აქტუალური საკითხია და სწორად, კომპლექსურად უნდა იყოს გადაჭრილი. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის სტანდარტის შემუშავების პროცესი“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

ცვლილება შედის მოქმედი კანონის თვითონ 26-ე მუხლში, როლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესს.

„კანონპროექტით, 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება“, - აღნიშნა გენადი მარგველაშვილმა.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

შეიძლება დაინტერესდეთ

გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები - განათლების მინისტრის მოადგილე

გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები - განათლების მინისტრის მოადგილე

„ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ გადავავადოთ არდადეგები. ველოდებით, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები. რა თქმა უნდა, მივყვებით ინსტრუქციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროს მოაწვდის,“ - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ განაცხადა.

იგი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში კორონავირუსის წინააღმდეგ მიმდინარე სადეზინფექციო-პროფილაქტიკური სამუშაოებს გაეცნო. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დეზინფექციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში ტარდება.

„განათლების სამინისტრო ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, რეკომენდაციებს ვიღებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, გვაქვს რეკომენდაციების გარკვეული პაკეტი. ასევე განათლების მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა სარეკომენდაციო დოკუმენტი. დეზინფექციის პროცესი მიმდინარეობს არამარტო თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, არამედ საქართველოს ყველა სკოლაში. არსებობს გარკვეული ინსტრუქციები არამხოლოდ დეზინფექციასთან დაკავშირებით, არამედ ყოველდღიურად როგორ უნდა მოხდეს სკოლის დასუფთავება სველი წესით და განიავება. არსებობს სკოლები, რომლებსაც აქვთ ცენტრალური გაყვანილობა და მილებით აწვდიან სკოლებს ცენტრალურ წყალს. არსებობს სკოლები, რომლებსაც არ გააჩნიათ ცენტრალური წყლის გაყვანილობა და არის შესაბამისი ინსტრუქციები. ყველანაირი ტიპის ინსტრუქცია არსებობს, აღჭურვილობები, რომლებიც უნდა ჰქონდეს სკოლას მოვლა-პატრონობის პროცესში, თუ რა ხსნარები უნდა იყოს გამოყენებული. ამ ეტაპისთვის ყველა სკოლაში მიდის სიღრმისეული დეზინფექციის პროცესი. როდესაც სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება, მიყვებიან იმ ინსტრუქციებს, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საჯარო სკოლებისთვის მოამზადა. კერძო სკოლებსაც ევალებათ მსგავსი ტიპის დეზინფექციის ჩატარება და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, ჩვენს რეკომენდაციას გაითვალისწინებენ კერძო სკოლები და იგივე პრინციპით მოახდენენ დასუფთავებას“ , - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი ​„მასწავლებლების სანდო წყარო“​.
წაიკითხეთ სრულად