Baby Bag

„ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში, ეს ამ სემესტრში აუცილებლად მოხდება“ - მიხეილ ჩხენკელი

„ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში, ეს ამ სემესტრში აუცილებლად მოხდება“ - მიხეილ ჩხენკელი

„ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში, ეს ამ სემესტრში აუცილებლად მოხდება“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 220-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი თბილისის პირველ გიმნაზიასა და ახალაშენებულ 220-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლება პირადად მიულოცა:

„მინდა მთელი გულით მივულოცო დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დღეს დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში და სკოლის გარემოში გააგრძელეს სწავლის პროცესი. სასწავლო პროცესისთვის სასკოლო გარემო არის ბუნებრივი გარემო. ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში. ეს ამ სემესტრში აუცილებლად მოხდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის რეკომენდაციები, რათა ჩვენს მოსწავლეებს მივცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ გორისა და ფოთის სკოლების ყველა კლასის მოსწავლეები. სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მთელი აჭარის ტერიტორიაზე გრძელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა. შესაბამისი ბრ​ძანება, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ძალაშიც შევიდა.

მანამდე ამ ბრძანებში ცვლილება სამი თვის წინ ​განხორციელდა, რომლის თანახმადაც განსხვავებულად ჩამოყალიბდა ის მუხლი, რომელიც პარალელურ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობას ეხებოდა. 

ამ ცვლილებით კი ბრძანებას დაემატა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლები: 

„პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 15. გამონაკლისი მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრთან (შემდგომში – რესურსცენტრი) შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (შემდგომში – ავტონომიური რესპუბლიკა) ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2014-2015 სასწავლო წლამდე საჯარო სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეთათვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 30 მოსწავლით. მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. თანხმობა გაიცემა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით კონკრეტულ მოსწავლეზე და ვრცელდება ამავე მოსწავლის მიერ ამავე სკოლის მომდევნო კლასში სწავლის გაგრძელებისას. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს. პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18; გამონაკლისი მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება იმ რესურსცენტრთან შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით,“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

წაიკითხეთ სრულად