საუბარს საკუთარი ისტორიით იწყებს, იმ გზით, თუ როგორ მივიდა გადაწყვეტილებამდე - გამხდარიყო სკოლის დირექტორი. მაშინ მტკიცედ სწამდა, რომ ცვლილებების მოხდენა შეეძლო. „დავინახე და ვიგრძენი, რომ რეფორმების წარმატებით განხორციელებაში დირექტორების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმების მთავარი ღერძი ხომ სკოლაა“ - ეს სიტყვები დღეს უკვე ბევრს ნიშნავს, რადგან ის საქართველოს ყველაზე წარმატებული სკოლის ყველაზე წარმატებულ დირექტორს, ლენა გომართელს ეკუთვნის.
პროფესიით მასწავლებელია, გერმანისტი, რომელსაც ეს პროფესია საკუთარმა გერმანულის მასწავლებელმა შეაყვარა და სწორედ მისი ხათრით გადაწყვიტა ამ სფეროს გაჰყოლოდა. შემდეგ იყო სხვადასხვა სამსახური, უმაღლეს დაწესებულებებში, სკოლებში, რესურსცენტრში, თუმცა ჩვენი ამბავი იმ დღიდან იწყება, როდესაც ჩვენი ისტორიის მთავარმა გმირმა ქალბატონმა 2014 წელს მტკიცედ გადაწყვიტა დირექტორობა და საჩხერის N2 საჯარო სკოლის კარები შეაღო.
„ვფიქრობ, რომ დირექტორობა ძალიან საინტერესო საქმიანობაა. ამ სფეროში ადამიანს შეუძლია ყველა მხრივ რეალიზება, საკუთარი უნარების, განათლების წარმოჩენა. სკოლა გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ აღმოვაჩინოთ ლიდერები, საკუთარ თავში, პედაგოგებში და მოსწავლეებშიც. ეს სფერო მე მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოსწავლეები გავზარდო პროფესიულად და დავაყენო სწორ გზაზე. ამაზე უკეთესი, რა შეიძლება მოხდეს?!“ - ამბობს ლენა გომართელი და საკუთარ წარმატებებზე დაუზარელად გვიყვება.
მისი თქმით, სკოლა საუკეთესო ასპარეზია იმისთვის, რომ თითოეული მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის ცხოვრება სიკეთისკენ შეცვალო. მართალია, თავიდან ეს პროცესი ცოტათი რთული იყო, რადგან დირექტორობა კომპლექსურ ცოდნა მოითხოვს, თუმცა მის პროფესიულ კარიერაში გამოჩნდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ და ლიდერობის სამწლიანი აკადემია, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მისი, როგორც დირექტორის ჩამოყალიბებაში.
„აკადემიაში სწავლის დროს, მივიღე ძალიან დიდი ცოდნა მართვისა და ლიდერობის კუთხით. ამ პერიოდში, თუ კი, რამე პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ, ეს სწორედ ამ აკადემიის, მისი ტრენერებისა და იმ ცოდნის დამსახურებაა, რომელსაც დაუზარებლად გვიზიარებდნენ იქ“ - ჰყვება წარმატებული დირექტორი და იმ გუნდის შექმნის პერიოდს იხსენებს, რომელმაც საქართველოს საუკეთესო სკოლა აჩუქა.
„სკოლის წარმატება გუნდზეა დამოკიდებული. ნებისმიერი პროექტი, რომელიც სკოლაში და ან მის გარეთ ხორციელდება, დირექტორისა და მასწავლებლების ერთობლივი მუშაობის შედეგია. მე არ მიცდია, რომ გარედან მომეყვანა ახალი პედაგოგები, თუმცა კი, იყო კადრების ცვლილებაც, მაგრამ ეს მოხდა ძალიან ობიექტურად და გამჭვირვალედ. მე მაქსიმალურად ვეცადე, რომ ის გუნდი, რომელიც დამხვდა სკოლაში, განმევითარებინა, მინდოდა, რომ მათი მონაწილეობით მიმეღწია წარმატებებისთვის და ეს ასეც მოხდა. მათი შესაძლებლობები შევისწავლე და ჩვენი სკოლის ყველა სამომავლო გეგმა ჩამოვაყალიბე მათ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით. წარმატებული სკოლაც ამ პრინციპზე დგას - ყველა აკეთებს თავის საყვარელ საქმეს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში, ხოლო წარმატებული დირექტორი კი ამ პროცესს უზრუნველყოფს და ეხმარება მათ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, განვითარებასა და განხორციელებაში“.
რა თქმა უნდა, მკითხველს დააინტერესებს, თუ რითია გამორჩეული საჩხერის N2 საჯარო სკოლა და რატომ მიიღო მან საქართველოში საუკეთესო სკოლის სტატუსი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ლენა გომართელი „მსოფლიო განათლების კონკურსს“ იხსენებს, სადაც ზუსტად მსგავსი კითხვა დაუსვეს და სთხოვეს, გამოეყოთ ხუთი მიმართულება, რომელიც მათ სკოლას გამორჩეულს ხდიდა.
„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის უცხო ენების გაძლიერებული სწავლება. სკოლაში არსებულმა ადამიანურმა რესურსმა მე მომცა შესაძლებლობა, რომ უფრო გამეძლიერებინა უცხო ენების სწავლება და ჩვენ ახლა მოსწავლეებს ვთავაზობთ არა მხოლოდ სასწავლო მასალებს, არამედ სხვადასხვა ლიტერატურას, სავარჯიშოებს, დავალებებს, რესურსებს. უცხო ენების მიმართ მსგავმა ყურადღებამ კი ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა, სხვა მიმართულებებიც გაგვეძლიერებინა და ამჯერად პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები აღმოჩნდა. STEM-ის ფარგლებში ბევრ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, ბევრი გრანტი მოვიპოვეთ და სკოლაში რობოტექნიკის კლუბიც კი დავაარსეთ. მესამე მიმართულება პროფესიულ განათლებას უკავშირდება, რომელიც სკოლის ინოვაციაა. დღეს ჩვენს სკოლაში მოსწავლეები შვიდი მიმართულებით (მზარეულის, კონდიტერის, დიზაინერის, ელექტრიკოსის, IT სპეციალისტის, დურგლისა და ექთანის საგანმანათლებლო პროგრამები) ეუფლებიან პროფესიას. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ მათ საკლასო ოთახებში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. მეოთხე მიმართულება მშობლების განათლებას ეხება. ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც მშობელთა საჭიროებები ვიკვლიეთ და აქედან გამომდინარე, სკოლაში „მშობელთა სკოლა“ დავაარსეთ. ამ სკოლაში ჩვენ მშობლებს ვუტარებდით ტრენინგებს, ვებინარებს, შეხვედრებს, რა თქმა უნდა, მათ საჭიროებებზე მორგებულს. ბოლო, მეხუთე მიმართულებად უნდა დავასახელო მდგარდი განვითარების მიზნების განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯები. მთავარი აქცენტი კეთდება იმ 17 მიზანზე, რომელიც 2030 წელს უნდა ჰქონდეს მსოფლიოს და რაც კი სკოლაში პროექტი ხორციელდება, ვცდილობთ, რომ სწორედ ამ მიზნებს იყოს მორგებული და მათი დანერგვისკენაა მიმართული“ - განმარტავს ლენა გომართელი.
სამომავლო მიზნებზე საუბრისას დირექტორი აქცენტს ისევ უცხო ენებსა და საბუნებისმეტყველო მიმართულებების გაძლიერებულ სწავლებაზე აკეთებს და გვეუბნება, რომ სწორედ ამ გზით აპირებს სკოლა განვითარებას. მას არც ახალბედა დირექტორები და ის ახალგაზრდები ავიწყდება, რომლებიც ამ პროფესიაში აპირებენ შემოსვლას და მათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით რჩევებს უზიარებს:
„ჩვენ ჩვენი მაგალითით უნდა ვაჩვენოთ ახალგაზრდებს, რომ სკოლა არის შესაძლებლობა, შესაძლებლობა, იყო წარმატებული, როგორც საშინაო, ისე, საგარეო ასპარეზზე. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, პირველ რიგში, სკოლა უნდა იყოს ძლიერი და სკოლის სიძლიერეს კი ის ახალგაზრდები განაპირობებენ, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ ამ სისტემაში. მათ არ უნდა შეეშინდეთ, კი, რთულია, ამხელა ადამიანური რესურსის მართვა, ამდენი საქმე, დამღლელია, თუმცა არა შეუძლებელი. თუ ახალგაზრდები სწორ ნაბიჯებს გადადგამთ, ჩათვალეთ, რომ თქვენ თქვენი ქვეყნის სწორ განვითარებას უწყობთ ხელს“.
ბოლოს, ჩვენი ისტორიის მთავარი შემოქმედი დასძენს, რომ ამ საქმეს, რომელსაც წლებია ემსახურება, დიდი ენთუზიაზმიც ახლავს თან და ეს დასაწყისიდანვე უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც მასწავლებლობა ან დირექტორობა მოუნდება.
„ჩვენ ვიცით, რომ განათლების სისტემაში ბევრი პრობლემაა, თუმცა თუ შენ იქნები ყოჩაღი და მონდომებული, ყველაფერს შეძლებ. მე არ მიყვარს წუწუნი, მით უმეტეს მუდმივად და სწორედ ამიტომ, არც ერთ შანსს არ ვუშვებ ხელიდან, რასაც ეს საქმიანობა მთავაზობს. ჩვენ ვმუშაობთ დაუზარელად, ვუმკლავდებით პრობლემებს და გვაქვს ბერკეტი, მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები, აი ესაა ჩვენი წარმატება“ - განმარტავს ლენა გომართელი.
უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც საქართველოს საუკეთესო სკოლის ტიტულს საჩხერის N2 საჯარო სკოლა, ხოლო წარმატებული დირექტორისას - ლენა გომართელი, ატარებს. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან წარმატებულ დირექტორს წინ უფრო დიდი გზა ელოდება, დიდი გეგმებითა და მიზნებით, წარმატებული გზა - „განათლების სისტემის ჯარისკაცობამდე“.
ავტორი: მარიამ გვარამია
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
10 საუკეთესო საახალწლო საჩუქარი მასწავლებლებისთვის
საახალწლო პერიოდი საკმაოდ დატვირთული და დამღლელია. ადამიანებს ძალიან ბევრი აქტივობის დაგეგმვა და ორგანიზება უწევთ. ისინი გულმოდგინედ არჩევენ საჩუქრებს ახლობლებისა და მეგობრებისთვის. მშობლები ცდილობენ შვილების პედაგოგები საინტერესო და ორიგინალური საახალწლო საჩუქრებით გაანებივრონ. მასწავლებლის ღვაწლი და შრომა ხშირად სათანადოდ ვერ ფასდება. დღესასწაულზე თქვენ საშუალება გეძლევათ თქვენი შვილების აღმზრდელებს ბავშვებზე ყოველდღიური ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადოთ. თუმცა მასწავლებლისთვის საჩუქრის სწორად შერჩევა არც ისე მარტივია.
კვლევებით დგინდება, რომ მასწავლებლებს არაორდინალური საჩუქრების მიღება ხიბლავთ. მათ ძალიან უყვართ ხელნაკეთი ნივთები, რომლებშიც ადამიანები მთელ გულსა და ძალისხმევას დებენ. აუცილებელი სულაც არ არის, რომ მასწავლებლისთვის მომზადებული საჩუქარი ძალიან ძვირადღირებული იყოს. პედაგოგებს უხარიათ, თუ მათთვის საჩუქარს მოსწავლე თავისი ხელით ამზადებს. მასწავლებლების ნაწილს არ უყვარს, როდესაც საჩუქრად საკვებს იღებს. ადამიანებს განსხვავებული გემოვნება აქვთ, ზოგიერთი მათგანი ჯანსაღად იკვებება, ზოგიერთი დიეტაზეა, ზოგს კი სწრაფი კვების პროდუქტები იზიდავს. შესაბამისად, საკვების ჩუქებისას, შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ და მასწავლებელს ისეთი პროდუქტი აჩუქოთ, რომელიც მას არ უყვარს ან არ სჭირდება.
მასწავლებელთა უდიდეს ნაწილს უყვარს პრაქტიკული დანიშნულების საგნების საჩუქრად მიღება. მათ ისეთი ნივთები ახარებთ, რომლებსაც საგაკვეთილო პროცესში წარმატებით გამოიყენებენ. მსგავსი საჩუქრის შეძენაზე მთელმა კლასმა ერთობლივად უნდა იზრუნოს, რადგან მათ უკეთ იციან, რა სახის ნივთი ესაჭიროება ამა თუ იმ მასწავლებელს საკლასო ოთახში. ჩვენს სტატიაში იმ საჩუქრების ნუსხას შემოგთავაზებთ, რომელთა მიღება ნებისმიერი პედაგოგისთვის სასიხარულო იქნება. თუმცა, მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ძღვენი მშობლის მიერ ნათქვამი კომპლიმენტია. თუ პედაგოგის გახარება და გაბედნიერება გსურთ, მას აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ის თქვენი შვილისთვის აკეთებს. ამაზე უკეთეს საჩუქარს მასწავლებლისთვის ვერ შეარჩევთ.
• მრავალენოვანი ლექსიკონი
მასწავლებლებს, რომლებსაც მოგზაურობა იზიდავთ, ლექსიკონის საჩუქრად მიღება ძალიან გაუხარდებათ. არსებობს სპეციალური ელექტრონული ლექსიკონები და მოწყობილობები, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისას ძალიან გამოსადეგია. მსგავსი ლექსიკონების დახმარებით მოგზაურებს კომუნიკაცია უადვილდებათ.
• მექანიკური ტაიმერი
კარგი ტაიმერი ნებისმიერ მასწავლებელს სჭირდება. საგაკვეთილო პროცესში დროის სწორად გადანაწილება და მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია. გაკვეთილის ცალკეულ ეტაპებად დაყოფისთვის დროის ათვლა აუცილებლად გჭირდებათ. საჩუქრად ისეთი ტაიმერი შეარჩიეთ, რომელსაც უკანა მხარეს მაგნიტი აქვს მიმაგრებული, რათა მასწავლებლისთვის მისი გამოყენება და ტარება კომფორტული იყოს. გარდა ამისა, უმჯობესია, თუ ტაიმერს შემაწუხებელი ან ძალიან მაღალი ხმა არ ექნება, რათა საგაკვეთილო პროცესი არ ჩაშალოს.
• ხელნაკეთი საახალწლო ორნამენტები
ხელნაკეთი საახალწლო ორნამენტების დამზადება თქვენს შვილთან ერთად თავადაც შეგიძლიათ. ინტერნეტში უამრავი ვიდეომასალაა, რომელიც საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ და ორნამენტების დამზადებასაც გასწავლით.
• ყავის აპარატი
მასწავლებლებს სემესტრის ბოლოს ერთი ჭიქა ღვინის მირთმევის სურვილი ნამდვილად აქვთ, თუმცა ყოველდღიურად ისინი უპირატესობას ყავას ანიჭებენ. ენერგიის მოსამატებლად და დაღლილობასთან გასამკლავებლად პედაგოგები კოფეინს აქტიურად ეტანებიან. თუ იცით, რომ თქვენი შვილის მასწავლებელს ყავა ძალიან უყვარს, სხვა მშობლებიც აიყოლიეთ და მისთვის მცირე ზომის ყავის აპარატი შეიძინეთ. თუ საჩუქრის ჩუქებას დამოუკიდებლად გეგმავთ, შეგიძლიათ, უპირატესობა სხვადასხვა სახეობის ყავით სავსე კალათს მიანიჭოთ. საყვარელ მასწავლებელს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან გააბედნიერებთ.
• თერმოსი ჩაის მოყვარულებისთვის
საჩუქრის გარეშე არც ჩაის მოყვარული მასწავლებელი უნდა დარჩეს. თუ თქვენს ფავორიტ პედაგოგს ჩაი უყვარს, მისთვის ხარისხიანი თერმოსი შეიძინეთ, რომელიც სასმელს ტემპერატურას ხანგრძლივად უნარჩუნებს. აღნიშნული საჩუქარი ყავის მოყვარულ მასწავლებლებსაც ძალიან გაახარებთ.
• ბლოკნოტი
მასწავლებლები საკანცელარიო ნივთებს საჩუქრის სახით ხშირად იღებენ. პედაგოგები ყოველდღიურად გეგმავენ გაკვეთილებს, აკეთებენ ჩანაწერებს, ინიშნავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. მასწავლებლისთვის გამორჩეული დიზაინის ბლოკნოტის ჩუქება ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ეცადეთ, ისეთი ბლოკნოტი შეარჩიოთ, რომელშიც ძალიან ბევრი განყოფილებაა, რათა პედაგოგმა მისთვის სასურველი ინფორმაციის შენახვა და ჩანიშვნა მარტივად შეძლოს.
• მცირე ზომის დინამიკები
მასწავლებლებს დინამიკის საჩუქრად მიღება ძალიან ახარებთ. საგაკვეთილო პროცესში დინამიკის გამოყენებას პედაგოგები ხშირად ვერ ახერხებენ, რადგან მძიმე წონიანი ნივთის ტარება უჭირთ. თანამედროვე, მინიატურული დინამიკები აღნიშნულ პრობლემას მარტივად აგვარებს. Bluetooth-ის დახმარებით მსგავსი ტიპის დინამიკი ნებისმიერი ტიპის ხმოვან შეტყობინებას კლასში მარტივად ავრცელებს, რაც მთავარია, მას მაღალი ჟღერადობა აქვს.
• ორიგინალურად მოხატული წინდები
საჩუქრის ხელმისაწვდომ ფასში შეძენა თუ გსურთ, შეგიძლიათ მასწავლებელს ორიგინალური დიზაინით გაფორმებული წინდები აჩუქოთ. ეცადეთ, საჩუქარმა თქვენი საყვარელი პედაგოგი პოზიტიურ და მხიარულ განწყობაზე დააყენოს.
• სხეულისა და კანის მოვლის საშუალებები
სხეულისა და კანის მოვლის საშუალებების შეძენისას თანხების დაზოგვა არ ღირს. თუ მასწავლებელს მსგავსი ტიპის საჩუქარს ჩუქნით, ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იაფფასიანი პროდუქტი ხშირ შემთხვევაში კანს სერიოზულად აზიანებს ან ალერგიულ რეაქციებს იწვევს. ეცადეთ, ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული თავის მოვლის საშუალებები შეიძინოთ.
• არომატული მარილი
ძვირფასი საჩუქრის საყიდლად თანხა თუ არ გყოფნით, საყვარელი პედაგოგი მარტივი და ჯანსაღი ძღვენით გაანებივრეთ. სხვადასხვა მცენარეული არომატით გამდიდრებული მარილი სახალისო და ამავე დროს სასიამოვნო საჩუქარია. რაც მთავარია, ის ალერგიულ რეაქციებს არ იწვევს და აბსოლუტურად ჯანსაღია. მომზადებულია parents.com-ის მიხედვით თარგმნა ია ნაროუშვილმა