საუბარს საკუთარი ისტორიით იწყებს, იმ გზით, თუ როგორ მივიდა გადაწყვეტილებამდე - გამხდარიყო სკოლის დირექტორი. მაშინ მტკიცედ სწამდა, რომ ცვლილებების მოხდენა შეეძლო. „დავინახე და ვიგრძენი, რომ რეფორმების წარმატებით განხორციელებაში დირექტორების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმების მთავარი ღერძი ხომ სკოლაა“ - ეს სიტყვები დღეს უკვე ბევრს ნიშნავს, რადგან ის საქართველოს ყველაზე წარმატებული სკოლის ყველაზე წარმატებულ დირექტორს, ლენა გომართელს ეკუთვნის.
პროფესიით მასწავლებელია, გერმანისტი, რომელსაც ეს პროფესია საკუთარმა გერმანულის მასწავლებელმა შეაყვარა და სწორედ მისი ხათრით გადაწყვიტა ამ სფეროს გაჰყოლოდა. შემდეგ იყო სხვადასხვა სამსახური, უმაღლეს დაწესებულებებში, სკოლებში, რესურსცენტრში, თუმცა ჩვენი ამბავი იმ დღიდან იწყება, როდესაც ჩვენი ისტორიის მთავარმა გმირმა ქალბატონმა 2014 წელს მტკიცედ გადაწყვიტა დირექტორობა და საჩხერის N2 საჯარო სკოლის კარები შეაღო.
„ვფიქრობ, რომ დირექტორობა ძალიან საინტერესო საქმიანობაა. ამ სფეროში ადამიანს შეუძლია ყველა მხრივ რეალიზება, საკუთარი უნარების, განათლების წარმოჩენა. სკოლა გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ აღმოვაჩინოთ ლიდერები, საკუთარ თავში, პედაგოგებში და მოსწავლეებშიც. ეს სფერო მე მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოსწავლეები გავზარდო პროფესიულად და დავაყენო სწორ გზაზე. ამაზე უკეთესი, რა შეიძლება მოხდეს?!“ - ამბობს ლენა გომართელი და საკუთარ წარმატებებზე დაუზარელად გვიყვება.
მისი თქმით, სკოლა საუკეთესო ასპარეზია იმისთვის, რომ თითოეული მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის ცხოვრება სიკეთისკენ შეცვალო. მართალია, თავიდან ეს პროცესი ცოტათი რთული იყო, რადგან დირექტორობა კომპლექსურ ცოდნა მოითხოვს, თუმცა მის პროფესიულ კარიერაში გამოჩნდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ და ლიდერობის სამწლიანი აკადემია, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მისი, როგორც დირექტორის ჩამოყალიბებაში.
„აკადემიაში სწავლის დროს, მივიღე ძალიან დიდი ცოდნა მართვისა და ლიდერობის კუთხით. ამ პერიოდში, თუ კი, რამე პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ, ეს სწორედ ამ აკადემიის, მისი ტრენერებისა და იმ ცოდნის დამსახურებაა, რომელსაც დაუზარებლად გვიზიარებდნენ იქ“ - ჰყვება წარმატებული დირექტორი და იმ გუნდის შექმნის პერიოდს იხსენებს, რომელმაც საქართველოს საუკეთესო სკოლა აჩუქა.
„სკოლის წარმატება გუნდზეა დამოკიდებული. ნებისმიერი პროექტი, რომელიც სკოლაში და ან მის გარეთ ხორციელდება, დირექტორისა და მასწავლებლების ერთობლივი მუშაობის შედეგია. მე არ მიცდია, რომ გარედან მომეყვანა ახალი პედაგოგები, თუმცა კი, იყო კადრების ცვლილებაც, მაგრამ ეს მოხდა ძალიან ობიექტურად და გამჭვირვალედ. მე მაქსიმალურად ვეცადე, რომ ის გუნდი, რომელიც დამხვდა სკოლაში, განმევითარებინა, მინდოდა, რომ მათი მონაწილეობით მიმეღწია წარმატებებისთვის და ეს ასეც მოხდა. მათი შესაძლებლობები შევისწავლე და ჩვენი სკოლის ყველა სამომავლო გეგმა ჩამოვაყალიბე მათ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით. წარმატებული სკოლაც ამ პრინციპზე დგას - ყველა აკეთებს თავის საყვარელ საქმეს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში, ხოლო წარმატებული დირექტორი კი ამ პროცესს უზრუნველყოფს და ეხმარება მათ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, განვითარებასა და განხორციელებაში“.
რა თქმა უნდა, მკითხველს დააინტერესებს, თუ რითია გამორჩეული საჩხერის N2 საჯარო სკოლა და რატომ მიიღო მან საქართველოში საუკეთესო სკოლის სტატუსი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ლენა გომართელი „მსოფლიო განათლების კონკურსს“ იხსენებს, სადაც ზუსტად მსგავსი კითხვა დაუსვეს და სთხოვეს, გამოეყოთ ხუთი მიმართულება, რომელიც მათ სკოლას გამორჩეულს ხდიდა.
„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის უცხო ენების გაძლიერებული სწავლება. სკოლაში არსებულმა ადამიანურმა რესურსმა მე მომცა შესაძლებლობა, რომ უფრო გამეძლიერებინა უცხო ენების სწავლება და ჩვენ ახლა მოსწავლეებს ვთავაზობთ არა მხოლოდ სასწავლო მასალებს, არამედ სხვადასხვა ლიტერატურას, სავარჯიშოებს, დავალებებს, რესურსებს. უცხო ენების მიმართ მსგავმა ყურადღებამ კი ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა, სხვა მიმართულებებიც გაგვეძლიერებინა და ამჯერად პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები აღმოჩნდა. STEM-ის ფარგლებში ბევრ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, ბევრი გრანტი მოვიპოვეთ და სკოლაში რობოტექნიკის კლუბიც კი დავაარსეთ. მესამე მიმართულება პროფესიულ განათლებას უკავშირდება, რომელიც სკოლის ინოვაციაა. დღეს ჩვენს სკოლაში მოსწავლეები შვიდი მიმართულებით (მზარეულის, კონდიტერის, დიზაინერის, ელექტრიკოსის, IT სპეციალისტის, დურგლისა და ექთანის საგანმანათლებლო პროგრამები) ეუფლებიან პროფესიას. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ მათ საკლასო ოთახებში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. მეოთხე მიმართულება მშობლების განათლებას ეხება. ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც მშობელთა საჭიროებები ვიკვლიეთ და აქედან გამომდინარე, სკოლაში „მშობელთა სკოლა“ დავაარსეთ. ამ სკოლაში ჩვენ მშობლებს ვუტარებდით ტრენინგებს, ვებინარებს, შეხვედრებს, რა თქმა უნდა, მათ საჭიროებებზე მორგებულს. ბოლო, მეხუთე მიმართულებად უნდა დავასახელო მდგარდი განვითარების მიზნების განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯები. მთავარი აქცენტი კეთდება იმ 17 მიზანზე, რომელიც 2030 წელს უნდა ჰქონდეს მსოფლიოს და რაც კი სკოლაში პროექტი ხორციელდება, ვცდილობთ, რომ სწორედ ამ მიზნებს იყოს მორგებული და მათი დანერგვისკენაა მიმართული“ - განმარტავს ლენა გომართელი.
სამომავლო მიზნებზე საუბრისას დირექტორი აქცენტს ისევ უცხო ენებსა და საბუნებისმეტყველო მიმართულებების გაძლიერებულ სწავლებაზე აკეთებს და გვეუბნება, რომ სწორედ ამ გზით აპირებს სკოლა განვითარებას. მას არც ახალბედა დირექტორები და ის ახალგაზრდები ავიწყდება, რომლებიც ამ პროფესიაში აპირებენ შემოსვლას და მათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით რჩევებს უზიარებს:
„ჩვენ ჩვენი მაგალითით უნდა ვაჩვენოთ ახალგაზრდებს, რომ სკოლა არის შესაძლებლობა, შესაძლებლობა, იყო წარმატებული, როგორც საშინაო, ისე, საგარეო ასპარეზზე. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, პირველ რიგში, სკოლა უნდა იყოს ძლიერი და სკოლის სიძლიერეს კი ის ახალგაზრდები განაპირობებენ, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ ამ სისტემაში. მათ არ უნდა შეეშინდეთ, კი, რთულია, ამხელა ადამიანური რესურსის მართვა, ამდენი საქმე, დამღლელია, თუმცა არა შეუძლებელი. თუ ახალგაზრდები სწორ ნაბიჯებს გადადგამთ, ჩათვალეთ, რომ თქვენ თქვენი ქვეყნის სწორ განვითარებას უწყობთ ხელს“.
ბოლოს, ჩვენი ისტორიის მთავარი შემოქმედი დასძენს, რომ ამ საქმეს, რომელსაც წლებია ემსახურება, დიდი ენთუზიაზმიც ახლავს თან და ეს დასაწყისიდანვე უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც მასწავლებლობა ან დირექტორობა მოუნდება.
„ჩვენ ვიცით, რომ განათლების სისტემაში ბევრი პრობლემაა, თუმცა თუ შენ იქნები ყოჩაღი და მონდომებული, ყველაფერს შეძლებ. მე არ მიყვარს წუწუნი, მით უმეტეს მუდმივად და სწორედ ამიტომ, არც ერთ შანსს არ ვუშვებ ხელიდან, რასაც ეს საქმიანობა მთავაზობს. ჩვენ ვმუშაობთ დაუზარელად, ვუმკლავდებით პრობლემებს და გვაქვს ბერკეტი, მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები, აი ესაა ჩვენი წარმატება“ - განმარტავს ლენა გომართელი.
უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც საქართველოს საუკეთესო სკოლის ტიტულს საჩხერის N2 საჯარო სკოლა, ხოლო წარმატებული დირექტორისას - ლენა გომართელი, ატარებს. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან წარმატებულ დირექტორს წინ უფრო დიდი გზა ელოდება, დიდი გეგმებითა და მიზნებით, წარმატებული გზა - „განათლების სისტემის ჯარისკაცობამდე“.
ავტორი: მარიამ გვარამია
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
როგორ ვისწავლოთ უცხო ენა ციფრული პროდუქტების დახმარებით?
თუ თქვენ მთელი ცხოვრება ახალი ენის შესწავლა გსურდათ, თუმცა სხვადასხვა გარემოების გამო ამას ვერ ახერხებდით, მაშინ ახლა საუკეთესო დროა სურვილის მარტივად ასასრულებლად. დღევანდელი ციფრული ეკოსისტემა მსგავსს გამოწვევებსაც ეფექტურად პასუხობს. ახალი ენის შესასწავლად უკვე აღარ არის საჭირო კურსებზე სიარული თუ ლექტორებთან წლების, ენერგიისა და ფინანსების დახარჯვა. დღეს ერთ კონკრეტულ პლატფორმაზე Bussu-ზე მოგიყვებით - აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც უფრო და უფრო ტრენდული ხდება. მისი დახმარებით უამრავი ჩვენი თანამოქალაქე უკვე ჩაერთო სხვადასხვა უცხო ენის შესწავლის ეფექტური სწავლების მოდელში და მიღებული შედეგები მუდმივ პროგრესიას განიცდის. აღნიშნულ სტატიაში აგიხსნით თუ როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ Busuu-ს პლატფორმით, საქართველოში ექსკლუზიურად - განახევრებული ფასით და შეისწავლოთ სასურველი ენა მარტივად, დროულად და მინიმალური დანახარჯებით.
რა არის Busuu?
Busuu ენის შემსწავლელი პლატფორმაა, რომელიც სასაუბრო უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
Busuu-ს მსოფლიოს მასშტაბით უკვე 100 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს სასურველი ენის შესასწავლად. მისი დახმარებით 12 ენის შესწავლაა შესაძლებელი (ინგლისური, ესპანური, იტალიური, გერმანული, ფრანგული, ჩინური, იაპონური, პორტუგალიური, პოლონური, რუსული, თურქული და არაბული). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც აღნიშნულ აპლიკაციას სხვებისგან გამოარჩევს პერსონალიზებული სასწავლო გეგმაა - დასაწყისში იგი უბრალოდ გეკითხებათ, რა სიხშირით და რამდენი ხნის განმავლობაში გსურთ სწავლის გაგრძელება, რის შედეგადაც მიიღებთ გეგმას, რომლის ფარგლებშიც დასახული მიზნების შესრულება შეგიძლიათ.
პლატფორმას Offline ვერსიის მხარდაჭერაც აქვს, ასე რომ, არ არის აუცილებელი ინტერნეტთან წვდომა, შეგიძლიათ წინასწარ გადმოიწეროთ შესაბამისი გაკვეთილები და თავისუფლად დაიწყოთ მეცადინეობა ნებისმიერ დროსა და ადგილას.
რა უპირატესობები აქვს და როგორ მუშაობს Busuu?
Busuu-ს გაკვეთლები ფარავენ კითხვის, წერის, საუბრის და მართლწერის მიმართულებებს.
თავდაპირველად თქვენ ირჩევთ ენის სწავლის დონეს, შემდეგ კი სურვილისამებრ შეგიძლიათ ისწავლოთ კონკრეტული მიმართულებები, როგორებიცაა: უცხო ენა ბიზნეს საქმიანობისთვის, მოგზაურობისთვის ან კულტურის გასაცნობად. შექმენით თქვენთვის რელევანტური სასწავლო გეგმა - აირჩიეთ გრამატიკული გაკვეთილები თქვენი სასწალო მიზნების შესაბამიად. ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ კონტენტი, რომლითაც ენას ეუფლებით, თქვენს ცხოვრებაზე უნდა იყოს მორგებული და ისეთი ფრაზებისგან შედგებოდეს, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობების დროს იყენებთ. Busuu-ს ამ მხრივ საკმაოდ დეტალური მიმართულებების შემოთავაზება შეუძლია („როგორ ვესაუბროთ კოლეგებს“ „პროექტის მართვა“ და ა.შ.). ამასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ ისე დააპროგრამოთ აპლიკაცია, რომ კონკრეტულ დღეებსა და საათებზე შეგახსენოთ სასწავლო პროცესზე მიბრუნება.
გახდით ახალი, გლობალური კომუნის წევრი
Busuu-ს სხვა მსგავსი აპლიკაციებიდან მისი სოციალური ქსელის ფუნქციაც გამოარჩევს, რისი დახმარებითაც ახალი მეგობრების შეძენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეგეძლებათ. დაიმატეთ მეგობრებში ადამიანები, ვისთვისაც თქვენი სასწავლო ენა მშობლიურია, ისინი თქვენ მიერ შესრულებულ დავალებებზე უკუკავშირს გაგიზიარებენ, რაც მოტივაციის გაზრდაში ყველას ეხმარება და თავს გლობალური სამყაროს ნაწილად აგრძნობინებს.
საქართველოში Busuu-ს პარტნიორია ბილაინი. მხოლოდ ბილაინის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ Busuu-ს პრემიუმ პაკეტი, სრული ფუნქციონალი სამი თვის ვადით, სამჯერ ნაკლებ ფასად, მხოლოდ 30 ლარად (90 ლარის ნაცვლად) შეიძინონ. ამისთვის უნდა ეწვიოთ შესაბამის პლატფორმას, გაიაროთ ვერიფიკაცია მობილურის ნომრით და დააჭიროთ „ვაუჩერის კოდის მიღებას“. ამის შემდეგ თქვენი მობილურის ბალანსიდან ჩამოიჭრება სერვისის საფასური, თქვენი კი SMS შეტყობინების მეშვეობით მიიღებთ ვაუჩერის კოდს, რომელსაც Busuu-ს ვებსაიტზე რეგისტრაციის შემდეგ შეიყვანთ. ამ მარტივი პროცედურის შემდეგ თქვენ გაგიაქტიურდებათ პლატფორმის სამთვიანი პრემიუმ პაკეტი. სამი თვის ამოწურვის შემდეგ სწავლების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, თქვენ იმავე პროცესს გაიმეორებთ. აღსანიშნავია, რომ ვაუჩერის მიღების შესაძლებლობა ულიმიტოა, შესაბამისად ერთი ნომრიდან, სურვილის შემთხვევაში, საშუალება გექნებათ შეიძინოთ პრემიუმ პაკეტი თქვენი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის და ა.შ.