Baby Bag

აჭარაში და 10 ქალაქში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

აჭარაში და 10 ქალაქში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. სასწავლო პროცესი ასევე დისტანციურად მიმდინარეობს აჭარის რეგიონში.

​გადაწყვეტილება გახანგრძლივებული საარჩევნო პროცესისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით იქნა მიღებული. კერძოდ, 21 ნოემბერს ჩატარდება არჩევნების მეორე ტური, საარჩევნო უბნებად კი ასეულობით სკოლა კვლავ იქნება გამოყენებული.

​რაც შეეხება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, ისინი სასწავლო პროცესს ისევე განაგრძობენ, როგორც აქამდე. კერძოდ, უნივერსიტეტები პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით.

​აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყა​რო“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მასწავლებლების ხელფასების ზრდა დაწყებულია და გაგრძელდება''

,,მასწავლებლების ხელფასების ზრდა დაწყებულია და გაგრძელდება''

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პედაგოგების როლი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის.

„როგორც იცით, განათლების რეფორმა, ზოგადი განათლების მიმართულებით, სკოლების მიმართულებით, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდება. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ სკოლისთვის მთავარი პიროვნება მასწავლებელია. შესაბამისად, მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდა – ეს იქნება ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტული მიმართულება. აქ იგულისხმება მასწავლებლების ხელფასების ზრდა, რაც უკვე დაწყებულია და გაგრძელდება. მაგრამ, ხელფასები მხოლოდ ერთი ნაწილია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაიზარდოს მასწავლებლის როლი საზოგადოებაში და ეს პროფესია იყოს ჭეშმარიტად დაფასებული.

როგორც მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ტალღაა ახალგაზრდების, რომელთაც აქვთ დიდი სურვილი, გახდნენ მასწავლებლები“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისი თქმით, აღნიშნული ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მასწავლებლის პრესტიჟი საზოგადოებაში იზრდება.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებებთ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდეს.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, შეიქმნება მომავლის სკოლა – ხვალინდელი სკოლა იქნება ადგილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიებს და თითოეულ მოსწავლეზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის განსაკუთრებული მზრუნველობა, რომელსაც გამოიჩენს სკოლა და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი მასწავლებლების და სკოლის ხელმძღვანელების უდიდესი როლი პანდემიის პერიოდში გამოწვევების თვალსაზრისით, ის მაღალი შეფასებები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს და დააფიქსირეს ჩვენი განათლების სისტემის მიმართ, პირველ რიგში, ჩვენი მასწავლებლების დამსახურებაა. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ ამ გმირობისთვის. ისინი ჭეშმარიტად თანამედროვეობის გმირები არიან. ქედს ვიხრი მათ წინაშე“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

წყარო: ​1TV.GE


წაიკითხეთ სრულად