Baby Bag

განათლების სამინისტროს ინიციატივით პირველად აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოები შეიქმნა

განათლების სამინისტროს ინიციატივით პირველად აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოები შეიქმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, უსინათლო და მცირემხედველ IV-VII კლასების მოსწავლეებს აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოებით სწავლის შესაძლებლობა ექნებათ, რაც პანდემიის პირობებში შესაძლებლობას მისცემთ, მიიღონ სრულფასოვანი განათლება. სამინისტროს მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს მათი მაქსიმალური დამოუკიდებლობა და სოციალური ინტეგრაცია.

სამინისტროს მხარდაჭერით აუდიო ფორმატში ინტეგრირდება IV-VII კლასების ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო. შედეგად, გახმოვანებული წიგნებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ დაინტერესებული პირებიც, რადგან სახელმძღვანელოები სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდება.

სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერით, გრიფირებული სახელმძღვანელოების აუდიო ფორმატში გადაყვანის შესყიდვას სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს. შესაბამისად, ახლო მომავალში, უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები უმნიშვნელოვანესი სასწავლო რესურსებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

განათლების ხარისხის ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ სამინისტროს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მოსწავლეთა საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა, რათა მოხდეს ბავშვის რაც შეიძლება სრულად ჩაბმა სოციალურ ცხოვრებაში და მიღწეულ იქნეს მისი პიროვნების, მათ შორის კულტურული და სულიერი განვითარება.

სწორედ ამ მიზნით, უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებს სამინისტრომ ბრაილის შრიფტით აწყობილი და რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი ახალი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები უკვე გადასცა. აღნიშნული რესურსებით მოსწავლეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ როგორც ტექსტის სახით, ასევე, სახელმძღვანელოებში მოცემული ვიზუალური მასალების ტაქტილური შეხებითაც. სულ მალე კი მოსწავლეებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიაც ექნებათ, რაც პანდემიის პირობებში, მათ სასწავლო პროცესში ეფექტურ ჩართულობას შეუწყობს ხელს. სამომავლოდ კი, სახელმძღვანელოების აუდიო ფორმატში გადაყვანა, ეტაპობრივად გაგრძელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლებს არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ, გამოიყენებენ ელექტრონულ ჟურნალს, თუ დარჩება ნაბეჭდი ჟურნალი - ეკატერინე დგებუაძე

სკოლებს არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ, გამოიყენებენ ელექტრონულ ჟურნალს, თუ დარჩება ნაბეჭდი ჟურნალი - ეკატერინე დგებუაძე

არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ სკოლებს, გამოიყენებენ ელექტრონულ ჟურნალს, თუ დარჩება ტრადიციულად, ნაბეჭდი ჟურნალი, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ელექტრონული ჟურნალი იძლევა საშუალებას, მშობლებმა შვილების შეფასებისა და დასწრების შესახებ ინფორმაცია ონლაინრეჟიმში მიიღონ.

„სიახლე იქნება ახალ სასწავლო წელს, როდესაც სკოლებს შევთავაზეთ ელექტრონულ ჟურნალზე გადასვლა. წელს იქნება გარდამავალი პერიოდი და ეს ხისტად არ იქნება ყველასთვის, რომ ელექტრონული ჟურნალი გამოიყენონ. არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ სკოლებს, გამოიყენებენ ელექტრონულ ჟურნალს, თუ დარჩება ტრადიციულად, ნაბეჭდი ჟურნალი. სიახლე არის ძალიან საინტერესო. ეს არის კარგად ორგანიზებული სივრცე ელექტრონული ჟურნალისა, სადაც მოხდება არა მარტო ნიშნების ასახვა, არამედ შექმნილია უკვე სატელეფონო აპლიკაცია. როდესაც მშობელი ჩამოტვირთავს, ყველა ინფორმაციას მიიღებს შვილის შესახებ. ეს იქნება იქნება დასწრება, კომენტარები და ასე შემდეგ. მშობელს დამრიგებლის მხრიდან ყოველდღიურად ექნება ინფორმაცია სკოლაში მისი შვილის მოსწრებასთან დაკავშირებით. ეს არის პროექტი, რომელიც გარკვეულ ვადებში უნდა დაგვენერგა, მაგრამ არსებულმა ვითარებამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან სწრაფ რეჟიმში უკვე გადავიდეთ ელექტრონულ ჟურნალზე. დაიწყება ახლა მასწავლებლების გადამზადების პროცესი, ანუ ვებინარები, ვიდეოები ჩაიწერება“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

წყარო: ​1tv.ge

წაიკითხეთ სრულად