Baby Bag

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის 10 ფინალისტს შორისაა

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის 10 ფინალისტს შორისაა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან: დებორა გურაფლო - ბრაზილია; დეიზი მერტენსი - ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტი - დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა - ინდოეთი; მელისა სალგუერო - აშშ; მარტინ სალვეტი - არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარანი - ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო - იაპონია; პიტერ ტუბიში - კენია. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

იხილეთ ასევე ლადო აფხაზავას შესახებ მომზადებული სიუჟეტი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


წაიკითხეთ სრულად