მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
„ჩვენი ახალგაზრდობა იმდენად კარგად არ სწავლობს, როგორც შეუძლია, რომ ისწავლოს,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა
პედიატრმა ყარამან ფაღავამ ქართველი ახალგაზრდების განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ისინი ვერ იღებენ ისეთ ხარისხიან განათლებას, რომლის მიღებაც შეუძლიათ:
„შემიძლია გავიხსენო კონსტანტინე გამსახურდიას ეს ციტატა: „მე დავიბადე მსოფლიოში უმცირესი მდინარის ნაპირას. ჩემს თავს სულ იმას ვეუბნებოდი: „შენ, ჰეი, მსოფლიოში უმცირესი მდინარის ნაპირას დაბადებულო, არ დაგჩაგრონ დიდი მდინარეების პირას დაბადებულებმა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავიჩაგროთ? სწავლა, სწავლა და სწავლა... სამწუხაროდ, არსებობს ობიექტური მონაცემები, რომ ჩვენი ახალგაზრდობა იმდენად კარგად არ სწავლობს, როგორც შეუძლია, რომ ისწავლოს. შეიძლება ამის მიზეზი იყოს პედაგოგიური ხარვეზები, მაგრამ არ არის გამორიცხული სამედიცინო ასპექტები, თუნდაც ჰიპოიოდიზმი, მძიმე ასფიქსია, მძიმე ანემია. ამან შეიძლება ეს პრობლემა განაპირობოს.“
„მე ბედნიერი ვიქნები, თუ ამ მიმართულებით რაღაცას გავაკეთებ ისეთს, რომ ჩვენი მოწაფეები უფრო ძლიერები და მცოდნეები იყვნენ,“- აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.