Baby Bag

„იმის მაგიერ, რომ ეს იყოს უკიდურესი ზომა, რატომღაც სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„იმის მაგიერ, რომ ეს იყოს უკიდურესი ზომა, რატომღაც სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სასწავლო დაწესებულებების დაკეტვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს:

„ვიცი, რომ ძალიან არაპოპულარულ რამეს ვიტყვი და ტყვიებს გამოისვრიან, მაგრამ ჩემი აზრი სკოლების/უმაღლესი სასწავლებლების შესახებ, რომელიც ხშირად მაქვს გაჟღერებული, არ შემიცვლია. ჩვენ მომავალში მოვიმკით ბავშვების სახლში გამოკეტვის ძალიან სერიოზულ მავნე შედეგს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ეს გარდაუვალია, მაგრამ იმის მაგიერ, რომ ეს იყოს უკიდურესი ზომა, რატომღაც სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას.

გასაგებია, რომ განსაკუთრებით გართულებულ ეპიდსიტუაციაში (ისიც მხოლოდ შესაბამის ადგილებში) სწრაფად შეიძლება ხოლმე დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება - უსასრულო დროით, ყველაფერი რომ ღიაა ხოლმე და ყველა თავის ნებაზე დადის, სასწავლო დაწესებულებები მაინც დაკეტილია.

​ბოლო დროს ონლაინ საახალწლო ზეიმები და კომპიუტერის ეკრანთან კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები გულსაკლავი საყურებელი იყო. მშობლებისგან ისეთი ისტორიები მესმის, ბევრ ოჯახს ტანჯვად აქვს გადაქცეული პანდემიის მთელი ეს პერიოდი. ზუსტად ვიცი, ვიღაც გამოხტება ახლა და მეტყვის, რა დროს ამაზე ლაპარაკია, ხალხი იღუპებაო. ამის შეხსენება მე ნამდვილად არ მჭირდება. კორონავირუსის შედეგებს ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ვუყურებ. უბრალოდ მაინცდამაინც სასწავლო დაწესებულებების მუდმივად მიკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ამ საკითხს რომ ვერ წყვეტს, ამას ხომ ვხედავთ?

​წარმომიდგენია, სასწავლო დაწესებულებები რომ არ ჩაკეტილიყო, მთლიანად ამას დაბრალდებოდა შემთხვევების რაოდენობის ასეთი სწრაფი აღმავლობა.

​რა შედეგი გამოიღო ბავშვების და ახალგაზრდების გამოკეტვამ? ახალი შემთხვევების რაოდენობით მაინც მსოფლიო ლიდერები გავხდით და ბავშვებს ინფექციის გავრცელების კუთხით ასეთი დრამატული დამატებით რა უნდა ჩაედინათ? აღარაფერს ვამბობ სტუდენტებზე, რომლებიც ზრდასრულები არიან და ნებისმიერი სხვა ჯგუფების მსგავსად მარტივად შეძლებდნენ შესაბამისი წესების დაცვას. განსაკუთრებით უცნაურია, რაც მესმის სალიცენზიო/რეზიდენტურის გამოცდების შეზღუდვის შესახებ.

​მოკლედ, იქნებ ცოტა ოპერატიულად მოვახდინოთ ხოლმე ეპიდსიტუაციაზე რეაგირება სასწავლო დაწესებულებების გახსნის თვალსაზრისით. აშკარად უფრო სწრაფია რეაგირება ბიზნესის გაღება/დაკეტვის კუთხით და ეს გასაგებიცაა, რადგან ამ შეზღუდვების ცუდი შედეგი ეკონომიკაზე პირდაპირ და მკაფიოდ ჩანს. სასწავლო პროცესის შეჩერების შედეგებს ასე სწორხაზოვნად ვერ ვხედავთ, ზეწოლაც შესაბამისი სექტორის მხრიდან არ არის (საგანმანათლებლო სექტორისგან, ცხადია, ისეთი წნეხი არ არის, როგორც ბიზნესის მხრიდან) და ასე „იოლად გადის“ ეს თემა. მართალია, სასწორის ერთ მხარეს უმძიმესი დაავადებაა (ოღონდ არა ბავშვებში), მაგრამ სასწორის მეორე მხარეს ახალგაზრდების/ბავშვების მენტალური სტატუსი და განათლების ხარისხია,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლ​ებლების სანდო წყარო“.

„თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი, არც შეზღუდვების თებერვლამდე გადავ...
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი“ - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათ...

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ მასწავლებელი ხართ, თქვენი ანაზღაურების ზუსტი რაოდენობა შემდეგნაირად უნდა დაინგარიშოთ...

თუ მასწავლებელი ხართ, თქვენი ანაზღაურების ზუსტი რაოდენობა შემდეგნაირად უნდა დაინგარიშოთ...

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილები 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა.

ცვლილებების თანახმად, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი ეძლევა:

ა) მასწავლებელს, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან მენტორის სტატუსი და შესაბამის საფეხურზე ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა;

ბ) განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი და ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანს/საგნებს.“

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა განისაზღვრება:

ა) უფროსი მასწავლებლისათვის 470 ლარით;

ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის 850 ლარით;

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის 1150 ლარით.

ბრძანების თანახმად, სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე შემდეგი გაანგარიშებით: სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო შეფარდებული 18 (სრული დატვირთვის საგაკვეთილო საათი) და გამრავლებული დამატებით საგაკვეთილო საათების ჯამურ ოდენობაზე.

როგორი იქნება მასწავლებელთა ხელფასები სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით?

5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

ამავე თემაზე:

რამდენი ლარით იზრდება უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასები 2019-2020 სასწავლო წელს

წაიკითხეთ სრულად