Baby Bag

„იმის მაგიერ, რომ ეს იყოს უკიდურესი ზომა, რატომღაც სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„იმის მაგიერ, რომ ეს იყოს უკიდურესი ზომა, რატომღაც სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სასწავლო დაწესებულებების დაკეტვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს:

„ვიცი, რომ ძალიან არაპოპულარულ რამეს ვიტყვი და ტყვიებს გამოისვრიან, მაგრამ ჩემი აზრი სკოლების/უმაღლესი სასწავლებლების შესახებ, რომელიც ხშირად მაქვს გაჟღერებული, არ შემიცვლია. ჩვენ მომავალში მოვიმკით ბავშვების სახლში გამოკეტვის ძალიან სერიოზულ მავნე შედეგს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ეს გარდაუვალია, მაგრამ იმის მაგიერ, რომ ეს იყოს უკიდურესი ზომა, რატომღაც სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას.

გასაგებია, რომ განსაკუთრებით გართულებულ ეპიდსიტუაციაში (ისიც მხოლოდ შესაბამის ადგილებში) სწრაფად შეიძლება ხოლმე დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება - უსასრულო დროით, ყველაფერი რომ ღიაა ხოლმე და ყველა თავის ნებაზე დადის, სასწავლო დაწესებულებები მაინც დაკეტილია.

​ბოლო დროს ონლაინ საახალწლო ზეიმები და კომპიუტერის ეკრანთან კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები გულსაკლავი საყურებელი იყო. მშობლებისგან ისეთი ისტორიები მესმის, ბევრ ოჯახს ტანჯვად აქვს გადაქცეული პანდემიის მთელი ეს პერიოდი. ზუსტად ვიცი, ვიღაც გამოხტება ახლა და მეტყვის, რა დროს ამაზე ლაპარაკია, ხალხი იღუპებაო. ამის შეხსენება მე ნამდვილად არ მჭირდება. კორონავირუსის შედეგებს ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ვუყურებ. უბრალოდ მაინცდამაინც სასწავლო დაწესებულებების მუდმივად მიკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ამ საკითხს რომ ვერ წყვეტს, ამას ხომ ვხედავთ?

​წარმომიდგენია, სასწავლო დაწესებულებები რომ არ ჩაკეტილიყო, მთლიანად ამას დაბრალდებოდა შემთხვევების რაოდენობის ასეთი სწრაფი აღმავლობა.

​რა შედეგი გამოიღო ბავშვების და ახალგაზრდების გამოკეტვამ? ახალი შემთხვევების რაოდენობით მაინც მსოფლიო ლიდერები გავხდით და ბავშვებს ინფექციის გავრცელების კუთხით ასეთი დრამატული დამატებით რა უნდა ჩაედინათ? აღარაფერს ვამბობ სტუდენტებზე, რომლებიც ზრდასრულები არიან და ნებისმიერი სხვა ჯგუფების მსგავსად მარტივად შეძლებდნენ შესაბამისი წესების დაცვას. განსაკუთრებით უცნაურია, რაც მესმის სალიცენზიო/რეზიდენტურის გამოცდების შეზღუდვის შესახებ.

​მოკლედ, იქნებ ცოტა ოპერატიულად მოვახდინოთ ხოლმე ეპიდსიტუაციაზე რეაგირება სასწავლო დაწესებულებების გახსნის თვალსაზრისით. აშკარად უფრო სწრაფია რეაგირება ბიზნესის გაღება/დაკეტვის კუთხით და ეს გასაგებიცაა, რადგან ამ შეზღუდვების ცუდი შედეგი ეკონომიკაზე პირდაპირ და მკაფიოდ ჩანს. სასწავლო პროცესის შეჩერების შედეგებს ასე სწორხაზოვნად ვერ ვხედავთ, ზეწოლაც შესაბამისი სექტორის მხრიდან არ არის (საგანმანათლებლო სექტორისგან, ცხადია, ისეთი წნეხი არ არის, როგორც ბიზნესის მხრიდან) და ასე „იოლად გადის“ ეს თემა. მართალია, სასწორის ერთ მხარეს უმძიმესი დაავადებაა (ოღონდ არა ბავშვებში), მაგრამ სასწორის მეორე მხარეს ახალგაზრდების/ბავშვების მენტალური სტატუსი და განათლების ხარისხია,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლ​ებლების სანდო წყარო“.

„თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი, არც შეზღუდვების თებერვლამდე გადავ...
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი“ - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათ...

შეიძლება დაინტერესდეთ

სამზარეულოში ტრიალი და კერძების მომზადება პანდემიით გამოწვეულ სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სამზარეულოში ტრიალი და კერძების მომზადება პანდემიით გამოწვეულ სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

ცხოვრების საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ სოციალური ქსელები კულინარიული ექსპერიმენტებით გატაცებული ადამიანების ფოტოებით გაივსო. სახლში დარჩენილი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები სამზარეულოში აქტიურად ფუსფუსებენ და საკუთარ ნახელავს ვირტუალურ მეგობრებს უზიარებენ. მაფინები, შოკოლადის ბლინები, ბანანის დესერტები და სხვა კულინარიული შედევრები ფოტოებზე იმდენად მიმზიდველად გამოიყურება, რომ მათი დანახვა თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების უდიდეს ნაწილს სამზარეულოში ფუსფუსისკენ უბიძგებს.

კორონავირუსის პანდემიამ საზოგადოება სოციალური დისტანცირების აუცილებლობის წინაშე დააყენა. სახლში მარტო დარჩენილ ადამიანებს დროის საინტერესოდ გატარების მოთხოვნილება აქვთ. კარანტინში მყოფ მოქალაქეებს სამზარეულოში ფუსფუსი არამხოლოდ დანაყრების მიზნით, არამედ გართობისა და შემეცნებითი ინტერესის დასაკმაყოფილებლადაც სჭირდებათ. კვების ექსპერტები და ცნობილი მზარეულები საინტერესო ვიდეორგოლებს ამზადებენ, რომელშიც ისინი ადამიანებს საინტერესო რეცეპტებს აცნობენ და სამზარეულოში ფუსფუსს ასწავლიან. ცნობილი კულინარები დაინტერესებული პირების კითხვებსაც სიამოვნებით პასუხობენ და მათთვის იზოლაციით გამოწვეული სტრესის შემსუბუქებას ცდილობენ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ისეთი ცნობილი პერიოდული გამოცემები, როგორებიცაა: „ნიუ იორკ თაიმსი“ და ჟურნალი „Bon Appétit“ მკითხველს სპეციალურ კულინარულ სექციებს სთავაზობენ, რომელთა დახმარებითაც ისინი მარტივად მოსამზადებელი კერძების რეცეპტებს გაეცნობიან. თვითიზოლაციის პირობებში განსაკუთრებული ინგრედიენტების შესაძენად მაღაზიაში ხშირად სიარული რეკომენდებული არ არის, რის გამოც, ცნობილი მზარეულები გირჩევენ, რომ კერძების მოსამზადებლად საკუჭნაოში შემონახული პროდუქტების მარაგი გამოიყენოთ.

ცნობილი კულინარიული წიგნების ავტორმა სამინ ნოსრატმა თაყვანისმცემლებს ახალი პოდკასტი შესთავაზა, რომელშიც მაყურებლების კითხვებს თანაწამყვანთან ერთად პასუხობს. სამინის თქმით, მას სახლში გამოკეტილი ადამიანების ყოფის შემსუბუქება სურს და მზად არის მათ სამზარეულოში ქცევის ელემენტარული წესების ათვისებაში დაეხმაროს. ადამიანებს ძალიან აინტერესებთ, როგორ მოამზადონ კერძები კრეატიულად უბრალო ინგრედიენტების გამოყენებით. სამინ ნოსრატი ერთ-ერთია იმ კეთილ ადამიანებს შორის, როლებიც სხვების კეთილდღეობასა და დადებით განწყობაზე მონდომებით ზრუნავენ. ცნობილი კულინარის თქმით, მას გაუმართლა, რადგან ის დასაქმებული, იზოლირებული, დაცული და მატერიალურად უზრუნველყოფილია. სამინი თავს ვალდებულად თვლის მასთან შედარებით ნაკლებად პრივილეგირებულ ადამიანებს განსაცდელის ჟამს ემოციური მხარდაჭერა აგრძნობინოს.

ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობდნენ, პანდემიის პირობებში გაცილებით მეტი კერძის მომზადება უხდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ. სამსახურში შესვენებების დროს კვება მათ სამზარეულოში ტრიალისგან მეტწილად ათავისუფლებდა. დღეს, როდესაც ოჯახის თითქმის ყველა წევრი სახლშია, იზოლაციამ უკიდურესი ფორმები მიიღო, ხოლო რესტორნებისა და კაფეების აბსოლუტური უმრავლესობა დაიხურა, ადამიანებმა სამზარეულოში ფუსფუსი დაიწყეს. სხვაგვარად სრულფასოვნად კვება შეუძლებელი გახდა. მათი გარკვეული ნაწილი კულინარიაში აბსოლუტურად გამოუცდელია, ზოგიერთი მათგანი კი კერძებს ადრეც ამზადებდა, თუმცა არა იმ ინტენსივობით, როგორც ამას დღეს აკეთებს.

სამზარეულომ არანორმალურ ცხოვრებისეულ ატმოსფეროს, რომელიც პანდემიამ შექმნა, ნორმალურობის ელფერი შესძინა. ადამიანები, რომლებიც კერძებს აქტიურად ამზადებენ, ნაკლებად ღელავენ. ისინი თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ. სამზარეულოში ფუსფუსი ადამიანებს ვირუსის აფეთქებით გამოწვეულ უსიამოვნებებს დროებით ავიწყებს, რაც მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

პანიკამ, რომელიც მოსახლეობაში ვირუსზე სწრაფად ვრცელდება, შესაძლოა, მდგომარეობა უფრო დაამძიმოს. ადამიანები, რომლებიც კერძის მომზადებაზე არიან ორიენტირებულები, პანდემიით გამოწვეულ საფრთხეებზე ნაკლებად ფიქრობენ. ისინი ცდილობენ რეცეპტი კარგად გაიაზრონ და კულინარების მითითებები ზედმიწევნით გაითვალისწინონ, რათა შეცდომა არ დაუშვან, რაც მათ შფოთვის საშუალებას არ აძლევს. იმის ნაცვლად, რომ სიახლეებს დღეში რამდენიმეჯერ გაეცნოთ და სოციალური ქსელებით გავრცელებული შემზარავი (უმეტესად ცრუ) ინფორმაციით დაითრგუნოთ თავი, უმჯობესია, დრო სამზარეულოში ტრიალს დაუთმოთ. თუ ხელები ფქვილით დაგესვრებათ, ტელეფონს ვეღარ დაიჭერთ, რაც სოციალური ქსელების ნეგატიური ზეგავლენისგან დაგიცავთ. სამზარეულოში ფუსფუსი მედიტაციის მსგავს ფუნქციას ასრულებს. ის თქვენს კონცენტრაციას მთლიანად ერთი საქმისკენ მიმართავს, რაც განტვირთვაში გეხმარებათ.

კერძების მომზადება შფოთვისა და დეპრესიისგან გათავისუფლებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საქმიანობაა. იმის ნაცვლად, რომ პანდემიაზე ფიქრით გადაიღალოთ, თქვენი ყოველდღიური რაციონის განსაზღვრაზე იზრუნეთ. ყველაფერი, რაც დღეს ჩვენ ირგვლივ ხდება, გვთრგუნავს და გვაშინებს. მართალია, ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს, რეგულარულად ვიბანთ ხელებს, ვრჩებით სახლში და ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, მაგრამ ახალი ამბების გაცნობის შემდეგ მაინც უმწეობის განცდა გვეუფლება. დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ნორმალური ცხოვრების რეჟიმს თითქოს უსასრულოდ გამოვეთხოვეთ. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, როდის მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ კვლავ შევხვდეთ მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, დავესწროთ საქორწინო ცერემონიებს, ვისადილოთ საყვარელ რესტორნებში. ეს ყველაფერი კი ადამიანების უდიდეს ნაწილში ფრუსტრაციის განცდას ბადებს. უსუსურობის განცდისგან გასათავისუფლებლად, უმჯობესია, თუ რაიმე საქმით დავკავდებით და ვიგრძნობთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც მაინც არის ჩვენზე დამოკიდებული. სამზარეულოში ფუსფუსი ძალაუფლების სასიამოვნო შეგრძნებას დაგიბრუნებთ. თქვენ იგრძნობთ, რომ რაღაცის შეცვლა შეგიძლიათ, რაც განტვირთვაში ძალიან დაგეხმარებათ.

სოციალური იზოლაციის პირობებში საკვების სხვებისთვის გაზიარება ან მათთვის საკუთარი გამოცდილების გადაცემა მნიშვნელოვან ძალას გმატებთ. მართალია, მეგობრებს პირადად ვერ ხვდებით, მაგრამ შეგიძლიათ, მათ სოციალურ ქსელებში ჯგუფურად გაესაუბროთ. ერთმანეთს საკუთარი გეგმები გაუზიარეთ. უთხარით თქვენს მეგობრებს, რის მომზადებას გეგმავთ სადილად. შეგიძლიათ, მათ საინტერესო რეცეპტებიც გაუზიაროთ. მეგობრებთან ხშირი კომუნიკაცია შიშის დაძლევაში ძალიან დაგეხმარებათ. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესამსუბუქებლად ცნობილმა ფრილანსერმა ვივიან ლიმ ახალი ბლოგი შექმნა, რომელშიც ადამიანები ერთმანეთს იზოლაციის პერიოდში მათ მიერ მომზადებულ კერძებს უზიარებენ. აუცილებელი არ არის, რომ ბლოგზე ინფორმაციის განთავსებისას გამართულად წეროთ ან თქვენ მიერ მომზადებული კერძის ამსახველი მაღალი ხარისხის მქონე ფოტოები გქონდეთ, მთავარია, რომ ისიამოვნოთ და გაერთოთ.

ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელებში LIVE რეჟიმში ამზადებს კერძებს, პარალელურად კი მაყურებლების კითხვებს პასუხობს, რაც ადამიანებს განტვირთვის საშუალებას აძლევს. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც სამზარეულოში ფუსფუსის მოყვარული ადამიანები კერძებს მეზობლებისთვის ან სრულიად უცხო ადამიანებისთვის ამზადებენ. სოციალური დისტანცირების წესების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, ისინი მომზადებულ კერძს მეზობლებს სახლის კართან უტოვებენ. როგორც წესი, სამზარეულოში ტრიალის დროს კულინარებს მარტოობა უყვართ, თუმცა პანდემიის პირობებში ადამიანები ვირტუალურ სამყაროში ერთად იკრიბებიან და ცდილობენ ერთმანეთს ბედნიერება აჩუქონ. კარანტინის პირობებში მზარეულობამ სხვა დატვირთვა შეიძინა. მართალია, მეგობრები ახალი კერძის დასაგემოვნებლად ერთ მაგიდასთან ვეღარ სხდებიან, მაგრამ ისინი ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ძველებურად უზიარებენ, რაც თითოეულ მათგანს განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს. 

მომზადებულია ​vox.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად