Baby Bag

15 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება

15 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეფასდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და 7 დღის მაჩვენებელმა 4%-ზე დაბლა დაიწია.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

მნიშნელოვანია, რომ თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - www.online.emis.ge.

რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას.

რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ცალკე განცხადება გაკეთდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განმარტება გააკეთა:

„ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს. როგორც იცით, ეპიდსიტუაცია საშუალებას გვაძლებს, რომ 15 თებერვალს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში. მინდა საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი.

როგორც იცით, ორშაბათს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე გაგრძელდა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, გარდა თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლებისა, ხოლო 15 თებერვლიდან გაგრძელდება ამ 3 ქალაქშიც, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს – ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება, კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით ცალკე განცხადება გაკეთდება.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება, რომ სკოლებში იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო.“


შეიძლება დაინტერესდეთ

,,ამ პატარა გოგოს დედა ანტივაქსერი იყო და ახლა ნანობს, მაგრამ უკვე გვიანია''

,,ამ პატარა გოგოს დედა ანტივაქსერი იყო და ახლა ნანობს, მაგრამ უკვე გვიანია''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ანტივაქსერების შესახებ პოსტს აქვეყნებს:

,,ანტივაქსერები მთელი მსოფლიოდან თავისივე ,,ბრძოლის” მსხვერპლნი ხდებიან. 

კოვიდით დღეს გარდაიცვალა კიდევ ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე აქტიური ანტივაქსერი ისრაელში ბატონი ჰაი შოულიან, ამერიკაში - ქალბატონი ვერონიკა ვალსკი და ასევე ამერიკაში კოვიდით გარდაიცვალა 4 წლის ულამაზესი ანგელოზი გოგო კელი კოოკი.

ამ პატარა გოგოს დედა ანტივაქსერი იყო და ახლა ნანობს, მაგრამ უკვე გვიანია.

არაერთ სოციალურ ქსელში ცნობილი ანტივაქსერი გარდაიცვალა კოვიდით (მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში) ამ ბოლო დროს, დელტა ვარიანტი არავის ინდობს, მას არ აინტერესებს ადამიანის ასაკი, ეროვნება, რელიგია ან ვაქცინებისადმი მათი დამოკიდებულება. ეს ვირუსი არის ვერაგი.

იპროტესტეთ, საპროტესტოს მეტი რა არის, მაგრამ გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს.

გახსოვდეთ, ვერც ერთი წამალი და ვერც ერთი ვაქცინა ინფიცირებისგან 100%-ით ვერ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ სიკვდილისგან, რეანიმაციისგან და პოსტკოვიდური (გრძელი კოვიდისგან) მგომარეობისგან.

თუ გაინტერესებთ, რამდენი პროცენტით ხართ დაცული კოვიდვაქცინით, ჩემი პასუხი არის: თუნდაც 1% შანსი, რომ აერიდოთ სიკვდილს, ეს ცოტაა?!

დაფიქრდით და გამოიყენეთ საღი აზრი. 

ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემს პოსტებზე წერს უაზრო კომენტარებს, და ის ადამიანები, ვინც ტირაჟირებენ ჩემზე “დამონტაჟებულ ვიდეოებს” ინტერნეტში, მე პრობლემა არ მაქვს თქვენთან, იხალისეთ, ოღონდ მე ნამდვილად არ მინდა რომ თქვენ გეწიოთ ბატონი ჰაი შოულიანის და ქალბატონი ვერონიკა ვალსკის ბედი.

სანამ არის ფაიზერის ვაქცინა საქართველოში, დროზე აიცერით.

ჯანმრთელობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 


წაიკითხეთ სრულად