Baby Bag

განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა

განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა

15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა.

უწყების ცნობით, აღნიშნული რეკომენდაციები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შესაბამის რეგულაციებთან ერთად, სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა. თავის მხრივ, სკოლები მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას. ამ გზით ყველა მხარეს ექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

„სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალა. ეს საშუალებას მისცემს მშობლებს, ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით (სკოლის Facebook-ის გვერდი, ელფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება, TEAMS-ის პროგრამა, ბანერები, საინფორმაციო შეხვედრები), სისტემატურად მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

  • სკოლის სპეციალური აღჭურვილობებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით უზრუნველყოფა
  • სკოლის მოვლა-პატრონობისა და დალაგება-დასუფთავების მიზნით გატარებული ღონისძიებები
  • სკოლაში სველი წერტილების მდგომარეობა
  • საკლასო ჯგუფების ცვლებში განაწილება, მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილი და სსსმ მოსწავლეებისთვის რესურს ოთახით სარგებლობის განრიგი
  • სკოლის ეზოსა და შენობაში მოსწავლეთა ნაკადების შესვლის, გასვლისა და გადაადგილების ორგანიზება
  • თერმოსკრინინგის უზრუნველყოფა
  • სკოლის პერიმეტრზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • დისტანციური სწავლების მოთხოვნა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
  • სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება
  • მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ფორმატი.


​სამინისტრო მოუწოდებს მშობლებს, ყურადღებით გაეცნონ სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ზედმიწევნით დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები:

  • სკოლაში წასვლამდე აკონტროლონ მოსწავლის ტემპერატურა
  • ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიაწოდონ სკოლას ინფორმაცია
  • უზრუნველყონ მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში
  • ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ მოსწავლის სკოლიდან წაყვანა
  • დაესწრონ სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს.


​აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლებს შეეხება.

ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადონ მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სკოლას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული საგანი გადაიტანოს დისტანციურ ფორმატში, ან პედაგოგი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი მასწავლებლის უფლებების გათვალისწინებითა და მასთან შეთანხმებით წარიმართოს.

საქართველოს მასშტაბით სკოლებში უკვე მიმდინარეობს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება, 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა, საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით, მოქნილად დაგეგმოს ცვლები, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი, შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება“, - წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო​ წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტროს უახლესი რეკომენდაციები სკოლებს

განათლების სამინისტროს უახლესი რეკომენდაციები სკოლებს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებს ონლაინსწავლებასთან დაკავშირებით დამატებითი რეკომენდაციები გაუგზავნა.
როგორც სკოლებთან მიწერილ ტექსტშია აღნიშნული, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუზიარა პირველადი რეკომენდაციები, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს Microsoft office 365-ის პროდუქტების საკომუნიკაციო არხებად გამოყენება (მათ შორის, სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში).
„ამასთან დაკავშირებით თანდართული ფაილის სახით გიგზავნით თქვენი სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მომხმარებლის პროფილებსა (user) დაერთჯერად პაროლებს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ Office 365-ის შემდეგ პროგრამებში ავტორიზებას (შესვლას): Email, Microsoft Teams, Class Notebook, PowerPoint, Forms, OneDrive და ა.შ.
დამატებით, გიგზავნით ინსტრუქციას სისტემაში მომხმარებლის პროფილის გააქტიურებასა და ასევე რეკომენდებული პროდუქტების საგანმანათლებო მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით.
როგორ შევიდეთ სისტემაში პირველად:
მისამართი: ​Email.mes.gov.ge (ან ​Teachers.g​ov.ge​Studen​ts.gov.ge)
სისტემაში და Microsoft Teams ში შესვლის დეტალური ვიდეო ინსტრუქციის სანახავად დააჭირეთ​ აქ
Teams-ის ინსტრუქციები:
შეგახსენებთ, რომ ყველა ზემოაღნიშნული ინსტრუქცია ასევე განთავსებულია საიტზე: ​email.mes.gov.ge, ინსტრუქციების განყოფილებაში.
სკოლებს, რომლებიც გადაწყვეტენ Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:
1. დამრიგებლების საშუალებით მოახდინეთ მშობლებთან კომუნიკაცია, რათამათი ჩართულობით, მოხდეს დისტანციური სწავლების დანერგვის ხელშეწყობა. ამასთან, ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე უზრუნველყონ ბავშვებისთვის ინტერნეტისა და მოწყობილობების (მობილური ტელეფონი ანპლანშეტი ან პერსონალური კომპიუტერი ან ბუკი) ხელმისაწვდომობა.
2. დამრიგებლის საშუალებით მოახდინეთ ბავშვებთან/მშობლებთან კომუნიკაციანებისმიერი ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო ფორმით, გაუგზავნეთ დეტალურიინფორმაცია და ინსტრუქცია მომხმარებლის პროფილის (user) და ერთჯერადიპაროლის შესახებ, რისი მეშვეობითაც შეძლებენ დისტანციურ გაკვეთილში ჩართვას დაoffice 365-ის ყველა პროგრამით სარგებლობას.
3. სასურველია პირველ ეტაპზე დისტანციური გაკვეთილი ჩატარდეს საპილოტე რეჟიმში, რაც გულისხმობს ყველა საფეხურისა სხვადასხვა ძირითად საგანში, რათა მასწავლებლებმა შეძლონ დიფერენცირებული მიდგომებისა და სტრატეგიების შემუშავება.
4. დისტანციური გაკვეთილების საპილოტე რეჟიმში გაშვებისას დაიხმარეთ ისთანამშრომლები ან/და მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც კარგად ფლობენტექნოლოგიებს და დისტანციურად შეძლებენ კონსულტაციების გაცემას. ასევე,გთხოვთ, იდენტიფიცირებული პირების (თანამშრომლების/მაღალი კლასის მოსწავლეების) შესახებ ინფორმაცია აცნობოთ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში გაეწიოთ შესაბამისი ტექნიკური დახმარება.
5. იმ შემთხვევაში თუ სკოლაში იდენტიფიცირებული პირი (სკოლის თანამშრომლები/მაღალი კლასის მოსწავლეები) ვერ ახერხებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით სრულყოფილი კონსულტაციის გაცემას, რეგიონის მასშტაბით მობილიზებული იქნებიან მოხალისეები (ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ექსპერტები), რომლებიც პროგრამა TEAMS-ის საშუალებით უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს და გასცემენ კონსულტაციებს Microsoft Office 365-ის პროდუქტებთან დაკავშირებით. აღნიშნული მოხალისეები თავად შექმნიან TEAMS-ში ვირტუალურ საკონსულტაციო სივრცეს, რომლის ბმულიც რესურს ცენტრების საშუალებით გაზიარდება სკოლებში. აღნიშნული ბმულის საშუალებით სკოლაში იდენტიფიცირებული პირვები (სკოლის თანამშრომლები/მაღალი კლასის მოსწავლეები) შეძლებენ საკონსულტაციო სერვისის მიღებას,“ - აღნიშნულია სამინისტროს წერილში.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 

წაიკითხეთ სრულად