Baby Bag

„როდესაც ამბობენ, რომ ეს ფორმატი არის მიუღებელი და არანაირ შედეგს არ იძლევა, კატეგორიულად ვემიჯნები ამ აზრს,“ - გია მურღულია

„როდესაც ამბობენ, რომ ეს ფორმატი არის მიუღებელი და არანაირ შედეგს არ იძლევა, კატეგორიულად ვემიჯნები  ამ აზრს,“ - გია მურღულია

ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სკოლისა და მასწავლებლის სამი უმთავრესი მიზნის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სამი მთავარი მიზნიდან ორის მიღწევა დისტანციური სწავლების პირობებში საკმაოდ რთულია:

„მასწავლებელი და სკოლა სამ მთავარ რამეს აკეთებს: ასწავლის ამა თუ იმ საგანს, მოსწავლეებში ავითარებს უნარებს, რომელთა გარეშე ძნელია, რომ ადამიანმა წარმატებაზე იფიქროს საერთოდ (მაგ. ნებისყოფა, ნებისყოფის გარეშე პიროვნება საერთოდ არ არსებობს), აყალიბებს ღირებულებათა სისტემას. ​კარგი ადამიანი უნდა გაზარდოს სკოლამ. ამ სამიდან ორი, უნარების განვითარება და აღზრდის სისტემა, დისტანციური სწავლების დროს ძალიან სუსტად გამოიყურება. შენ რომ სიკეთის მხარეს დადგე, ამას სწავლება და აღზრდა სჭირდება.“

გია მურღულიას თქმით, დაწყებით კლასებში დისტანციური სწავლება უფრო მეტ სირთულეებს უკავშირდება, ვიდრე მაღალ საფეხურებზე:

„ცხადია, ვიზიარებ აზრს, რომ ​პირველ და მეორე კლასში ამის გაკეთება შედარებით რთულია. რაც უფრო მაღალი საფეხურია, მით უფრო მარტივდება, რასაკვირველია. თუმცა ეს შესაძლებელია. როდესაც ამბობენ, რომ ეს ფორმატი არის მიუღებელი და არანაირ შედეგს არ იძლევა, კატეგორიულად ვემიჯნები მე ამ აზრს. სადაც არის კარგი მასწავლებელი და მოტივირებული მოსწავლე, იქ ძალიან კარგად ახერხებენ ბავშვები იმის გაკეთებას, რასაც დასწრებული ვითარების შემთხვევაში გააკეთებდნენ.“

გია მურღულია აღნიშნავს, რომ მშობლებს, რომლებსაც კერძო სკოლებში დაჰყავთ შვილები, ზოგჯერ სწავლის პროცესში ჩართვის სურვილი ნაკლებად აქვთ, რაც დიდი პრობლემაა:

„მშობლების განწყობა, რომ მე ფულს გადავიხდი და შენ რაც გინდა ქენი, ოღონდ​ შეასრულე ის, რაც სკოლას მოეთხოვება, ყველაზე რთულად მოსასმენი და გასაგები პოზიციაა სკოლისთვის. მე ხანდახან განცვიფრების უნარსაც ვკარგავ ხოლმე, როდესაც ასეთ პოზიციას ვისმენ. ეს ძალიან ჰგავს მშობლის სურვილს, რომ გათავისუფლდეს ბავშვის პრობლემებისგან. ასეთი საფასური არ არსებობს სამყაროში, რომ მშობელი ბავშვზე ზრუნვისგან და მასზე ფიქრისგან გათავისუფლდეს. მესმის დაკავებულობაც, სხვა ასეთი ამბებიც, ეკონომიკური პრობლემებიც, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერავინ მოიხსნის საკუთარი შვილის წინაშე.“

„მეთოდოლოგიური კუთხით ეს არის განსაკუთრებული სიადვილე ​თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების. თქვენ ნებისმიერ წუთს ხელთ გაქვთ შესაძლებლობა, რომ აჩვენოთ ბავშვებს რაღაც ტექსტი, იქვე მისცეთ დავალება, აჩვენოთ რაღაც მონაკვეთი რომელიმე ფილმიდან, მულტფილმიდან. ნებისმიერი შესაძლებლობა გაქვთ თქვენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენოთ უფრო სწრაფად, ვიდრე კლასში ახერხებდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სწავლების თვალსაზრისით,“ - აღნიშნულ საკითხებზე გია მურღულიამ ტელეკომპანია იმედის" გადაცემაში „იმედის დღე“ საუბრობს.

წყარო: ​„იმედის დღე“

„ბავშვების გარეშე სკოლა ოქროდაკარგული დუმილია“ - გია მურღულია
ამის შესახებ ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად