Baby Bag

V-XII კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

V-XII კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

15 თებერვლიდან სამი დიდი ქალაქის: თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლა დასწრებითი ფორმით წარიმართება.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. დეტალური ინსტრუქციები დაეგზავნება სკოლებს და ისინი უზრუნველყოფენ მშობლების ინფორმირებას. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „როგორც მოგეხსენებათ, 15 თებერვლიდან ქალაქებში: თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ის დღესვე დაურიგდება სკოლებს და ხვალიდან ყველა სკოლა მოახდენს მშობლებთან კომუნიკაციას ამ თემაზე. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამას, რასაკვირველია, შენარჩუნება სჭირდება.

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გაგრძელდა საკლასო ოთახებში სწავლა. პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს. ორშაბათიდან ამას ემატება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლები.

ჩვენთვის მთავარია ჩვენი ბავშვებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში. ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა პრობლემა, მათ შორის, მოგვარებულია სველი წერტილების საკითხები. სკოლებში სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული, რათა სკოლები იყოს უსაფრთხო ადგილი ყველასთვის.“

გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ასევე, ისინი მაქსიმალურად იქნებიან ინფორმირებული ყველა სიახლის შესახებ, ამ პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ. გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღიჭურვა. შესაბამისად, მოსწავლეების მისაღებად სკოლებს სრული მზაობა აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და, ამავდროულად, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული.

შეიძლება დაინტერესდეთ

დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღე დარჩა

დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღე დარჩა

მასწავლებლის სახლის დირექტორის ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდები 2021 წლის გაზაფხულზე დაინიშნება. ამიტომ დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაცია განახლდა.

ათობით სკოლა დირექტორის გარეშეა დარჩენილი. სკოლის დირექტორთა ნაწილს, ანუ მათ ვისაც გაუვიდათ ხელშეკრულების ვადა, შეუჩერდათ უფლება-მოსილება და მათ მოვალეობას დირექტორთა მოვალეობის შემსრულებლები ასრულებენ. დირექტორთა ვაკანსიებიც მალე განთვასდება, ამიტომ მათ ვისაც სურთ სკოლის დირექტორად მუშაობა აუცილებელია ჩააბარონ სკოლის დირექტორთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

„საკვალიფიკაციო გამოცდა როგორც წესი მოულოდნელად ინიშნება, რადგან იანვრის ბოლოდან იგეგმება პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა, დიდი შანსია, რომ გამოცდა გაზაფხულზე დაინიშნოს, ამიტომ აპლიკანტი მუდმივად მზად უნდა იყოს გამოცდაზე გასასვლელად,“ - აცხადებენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.

ცენტრში დაიწყო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაცია, ის დაიწყება 16 იანვრიდან და დასრულდება გაზაფხულზე.

პროგრამა შედგება 3 მიმართულებისგან:


  • პროფესიული უნარები
  • ზოგადი უნარები
  • საკონონმდებლო ბაზა

პროგრამის ხანგრძლივობაა 30 საათი.

სესიები დაიწყება 16 იანვრიდან და ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, თითო შეხვედრის ხანგრძლივობაა 3 საათი (სულ 10 სემინარი)

ტრენინგს ჩაატარებს მასწავლებლის სახლის სერტიფიცირებული დირექტორთა და ფასილიტატორთა ტრენერი!

სრული პროგრამის ღირებულებაა 300 ლარი.

პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:


რეგისტრაცია სრულდება 15 იანვარს 23:00 საათზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 592 477 277.

R.
წაიკითხეთ სრულად