Baby Bag

V-XII კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

V-XII კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

15 თებერვლიდან სამი დიდი ქალაქის: თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლა დასწრებითი ფორმით წარიმართება.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. დეტალური ინსტრუქციები დაეგზავნება სკოლებს და ისინი უზრუნველყოფენ მშობლების ინფორმირებას. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „როგორც მოგეხსენებათ, 15 თებერვლიდან ქალაქებში: თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ის დღესვე დაურიგდება სკოლებს და ხვალიდან ყველა სკოლა მოახდენს მშობლებთან კომუნიკაციას ამ თემაზე. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამას, რასაკვირველია, შენარჩუნება სჭირდება.

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გაგრძელდა საკლასო ოთახებში სწავლა. პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს. ორშაბათიდან ამას ემატება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლები.

ჩვენთვის მთავარია ჩვენი ბავშვებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში. ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა პრობლემა, მათ შორის, მოგვარებულია სველი წერტილების საკითხები. სკოლებში სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული, რათა სკოლები იყოს უსაფრთხო ადგილი ყველასთვის.“

გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ასევე, ისინი მაქსიმალურად იქნებიან ინფორმირებული ყველა სიახლის შესახებ, ამ პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ. გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღიჭურვა. შესაბამისად, მოსწავლეების მისაღებად სკოლებს სრული მზაობა აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და, ამავდროულად, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული.

შეიძლება დაინტერესდეთ

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის პროგრამა უნდა გაგრძელდეს

„საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის პროგრამა უნდა გაგრძელდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროგრამის ერთ-ერთი მიზანია, განათლების სისტემის ახალგაზრდა მასწავლებლებით დაკომპლექტება:

„საპენსიო ასაკის 4 ათასზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს სახით ღირსეულ პენსიაზე იყო გაგზავნილი. ეს ფულადი ჯილდო მოიცავდა ორი წლის ხელფასს ერთჯერადად და ასევე დაზღვევას სიცოცხლის ბოლომდე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მას (პროგრამას) აქვს ორი მიზანი: ჩვენს ღვაწლმოსილ, პენსიის ასაკს მიღწეულ ადამიანებს სწრაფად მივცეთ ღირსეულად პენსიაზე გაცილების შესაძლებლობა და სისტემა შევავსოთ ახალი, ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად