Baby Bag

საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით

საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით. შესაბამისი მარაგი სკოლებს საკმარისად აქვთ მთელი სასწავლო წლისათვის, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები, თერმოსკრინინგის აპარატები, დეზობარიერები. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, შესრულებულია სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.

„სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ მშობლების ინფორმირებას სკოლები ინტენსიურად უზრუნველყოფენ.

მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და ამავდროულად მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, მათ შორის წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული,“ - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები 22 ივლისიდან დაიწყება

მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები 22 ივლისიდან დაიწყება
მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოსი მასწავლებლების ტესტირება გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოდგომაზე ჩატარდება.
უწყების ცნობით, გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილი იქნება სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილი იქნება პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

წაიკითხეთ სრულად