Baby Bag

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან, რისი შესაძლებლობაც სამინისტრომ მათ კანონით მისცა.

„სახელმძღვანელოების გრიფირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მშობლებს. ამისთვის შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. მათ ექნებათ საშუალება, გაეცნონ გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტებს და გააკეთოთ თავიანთი კომენტარი.

დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს. მართალია, ჩვენ გვყავს საექსპერტო კომისიები, რომლებიც ყველა სიტყვას აწონიან, რაც არის სახელმძღვანელოში, მაგრამ მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მოგიწოდებთ კოლეგებო, დამნაშავეების ძებნის სანაცვლოდ, მეტი აქტიურობა გამოვიჩინოთ სხვადასხვა პროექტის განხილვის დროს“ - ​პროფკავშირების პრეზიდენტის განცხადება

„მოგიწოდებთ კოლეგებო, დამნაშავეების ძებნის სანაცვლოდ, მეტი აქტიურობა გამოვიჩინოთ სხვადასხვა პროექტის განხილვის დროს“ - ​პროფკავშირების პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ მის მიმართვას:

„ძვირფასო კოლეგებო,
მიმდინარე წლის 11 მარტს, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრულ მასწავლებელთა პროფესიულ ვალდებულებებზე სპმთპ-ის ​განცხადებამ, ნაცვლად შემოთავაზებულ წინადადებებზე მსჯელობისა, არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია.

  • განვმარტავ, რომ ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ჩემს მიზანს წარმოადგენდა ერთად მოგვეძებნა პრობლემის გადაჭრის გზები და შესაბამისად, შემოგთავაზეთ კონკრეტული წინადადებები. სამწუხაროდ, სოლიდური მსჯელობის მაგივრად, მივიღეთ აბსოლუტურად დაუმსახურებელი კრიტიკა მასწავლებლის სახლისადმი. ალბათ არ არის საჭირო, მაგრამ მაინც მინდა შეგახსენოთ, რომ სქემის განხილვა და დამტკიცება, არ არის მასწავლებლის სახლის ექსკლუზიური უფლება. პროექტს იხილავს განათლების სამინისტროს სპეციალური კომისია, რომელშიც სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, წარმოდგენილნი არიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის მეც. როგორც თქვენთვის ცნობილია, პროექტები იგზავნება სკოლებში, პედაგოგიურ კოლექტივებში განსახილველად. საზოგადოების ფართო ჩართულობისა და განხილვების შემდეგ, სქემის საბოლოო ვარიანტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. პირადად მე, პასუხს ვაგებ საკუთარ ქმედებებზე.
  • გამომდინარე იქიდან, რომ სქემით განსაზღვრული სავალდებულო ტრენინგები ემსახურება კვალიფიკაციის ამაღლებას და უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გავიზიარე ეს ნორმა, რაც ითვალისწინებს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში 5-დღიან, 3-დღიან და 2-დღიან ტრენინგებს. ნურც ის დაგვავიწდება, რომ რეფორმის მიმდინარეობის პროცესში, მასწავლებლები ვალდებულებების დაწესებასთან ერთად, ყოველთვის ითხოვდით სახელმწიფოს მხრიდან კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფას. ახალი სქემის ამოქმედებამ პრაქტიკაში სხვა პრობლემები წარმოშვა და ამიტომ შემოგთავაზეთ ჩემი წინადადებები განსახილველად. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, თქვენი კრიტიკა, ერთნაირად გვეხება ყველას - მეც, კომისიის სხვა წევრებსაც და განხილვაში მონაწილე სკოლების პედაგოგებსაც.
  • არის შემთხვევები, როდესაც ფურცელზე გადატანილი კეთილი მიზანი იძლევა უარყოფით უკუკავშირს. და საერთოდ, მიმაჩნია რომ, მეტი დაკვირვებით და გააზრებით უნდა გადავწყვიტოთ მასწავლებლისათვის ვალდებულებების დაკისრების საკითხი.
  • ჩვენთვის ჯერ უცნობია „ახალი სკოლის მოდელით“ გათვალისწინებული მასწავლებლის ვალდებულებები. ყველაფერი ახალი ძნელად მისაღებია. გარკვეული უკმაყოფილება გამოითქვა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული მასწავლებლების მხრიდანაც. ამ მიმართულებით დაწყებული აქვს მუშაობა ჩვენი ორგანიზაციის პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს. სამწუხაროდ, არ მიგვიღია მონაწილეობა „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის განხილვაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე, საკითხის ძირეული შესწავლის გარეშე, თავს ვიკავებთ ანალიზისა და კომენტარებისაგან. გთხოვთ, „ახალი სკოლის მოდელში“ მონაწილე სკოლების მასწავლებლებს, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და წინადადებები, რა ფორმითაც გსურთ!
  • მოგიწოდებთ კოლეგებო, დამნაშავეების ძებნის სანაცვლოდ, მეტი აქტიურობა გამოვიჩინოთ სხვადასხვა პროექტის განხილვის დროს, რაც მიმდინარეობს სკოლებში და დროულად მოგვაწოდოთ თქვენი კრიტიკული შენიშვნები რეაგირებისათვის.

ნუ გამიგებთ ისე, რომ შევცვალე ჩემი პოზიცია. ვითხოვთ პროფესიული ვალდებულებების ვადების შეცვლას და ცალკეული ნორმების დაკონკრეტებას.
  • ვიყავი, ვარ და ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი!

​P. S. ერთი თვეც არ არის გასული, რაც მოსწავლე და მასწავლებელი დაუბრუნდა სკოლას და სწავლა-სწავლებისა და რეალური, საგაკვეთილო პროცესის ჩვეულ კალაპოტში გადატანას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. არც კორონავირუსის მესამე ტალღისგან ვართ დაცული, როგორც ეს გვაჩვენა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავებამ და შესაბამისად, სკოლების ხელმეორედ დახურვამ. სასწავლო წლის დასრულებამდე ძალიან მცირე დროა დარჩენილი. ამიტომ უნდა ვიმსჯელოთ მასწავლებელთა პროფესიული ვალდებულებების გადავადების თაობაზე.

ალბათ, კორონავირუსით გამოწვეულმა სტრესმა და სხვა პრობლემებმა, ისევე როგორც ყველაზე, ბევრ პედაგოგზეც იმოქმედა უარყოფითად, ობიექტურობის დაცვის თვალსაზრისით,“ - აღნიშნულია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად