Baby Bag

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

დღეიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი იწყება. 


ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს - ​grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2021 წლის 18 მარტს დასრულდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნდნენ

ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნდნენ

მორიგი გამარჯვებით და უპრეცედენტო შედეგით დაბრუნდნენ ქართველი მოსწავლეები ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან.

ასპარეზობა მიმდინარე წლის 8-12 იანვარს გაიმართა და მასში 21 ქვეყნის 84 გუნდის 600-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადაში თბილისის კომაროვის 199-ე, ვეკუას 42-ე და ქუთაისის რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ქართველმა მოსწავლეებმა 16 მედალი მოიპოვეს (3 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო). 16-დან 13 მედალი (3 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო) კომაროველებს ერგოთ. შესაბამისად, კომაროვის სახელობის 199-ე სკოლის გუნდმა მესამე საპრიზო ადგილიც (რეიტინგით მეხუთე ადგილი) მოიპოვა.

ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ: თეიმურაზ თოლორაია - აბსოლუტური პირველი ადგილი (მათემატიკა-კომაროვი), ნიკოლოზ ბირკაძე (მათემატიკა - კომაროვი) და ანა ონოფრიშვილი (მათემატიკა - კომაროვი).

განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მწვრთნელებს შორის გამართულ შეჯიბრში პირველი ადგილი ჩვენმა პედაგოგებმა - ლელა მამულაშვილმა (მათემატიკა - ვეკუა) და მიხეილ სოხაშვილმა (ფიზიკა - კომაროვი) მოიპოვეს. მესამე ადგილზე კი, ვახტანგ შეკიშვილი (ინფორმატიკა - რაზმაძე), ლუკა ხიზანიშვილი (ფიზიკა - ვეკუა) და თეიმურაზ კალატოზი (ფიზიკა - კომაროვი) გავიდნენ.

პრესტიჟულ საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს გუნდების მონაწილეობას და ყველა საჭირო ფინანსურ ხარჯს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შეჯიბრება წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყანაში, სადაც ყოველთვის წარმატებით მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნიდან წარგზავნილები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მოსწავლეების მიერ მიღწეული შედეგები როგორც ეროვნულ ისე, საერთაშორისო ოლიმპიადებში.

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერება, ამ სკოლების თანამედროვე ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვა ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას და ხელს უწყობს მათ დაინტერესებას მეცნიერებით.

წაიკითხეთ სრულად