Baby Bag

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

დღეიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი იწყება. 


ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს - ​grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2021 წლის 18 მარტს დასრულდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება

სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება
სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება. შესაბამისი ცვლილება 2019 წლის ბიუჯეტში შედის. 

ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამით გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 95.0 მლნ ლარით და შეადგენს 845.5 მლნ ლარს.

„ზრდა გამოწვეულია განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კომპენსაციის სახით ერთჯერადი ჯილდოს გაცემით. 6500-მდე საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა პედაგოგმა უკვე გააკეთა განაცხადი სისტემის დატოვების თაობაზე და შესაბამისად თითოეული მათგანი მიიღებს ჯილდოს მათი 2 წლის საშუალო შრომის ანაზღაურების ოდენობით,“ - წერია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 131.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 639.5 მლნ ლარით, მათ შორის.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, განათლების რეფორმის ფარგლებში ასევე გაგრძელდება ეტაპობრივად პედაგოგთა შრომის ანაზღაურების ზრდა და უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები მიიღებენ 150 ლარით გაზრდილ დანამატს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა სტატუსის ამაღლების უფლების მოპოვების მსურველთა რაოდენობა და შემდეგ საფეხურზე გადავიდა 10 ათასამდე მასწავლებელი (ნაცვლად პროგნოზირებული 6500 მასწავლებლისა) და შესაბამისად ეს პედაგოგებიც მიიღებენ (გაზრდილ) დანამატს.
წაიკითხეთ სრულად