Baby Bag

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

დღეიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი იწყება. 


ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს - ​grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2021 წლის 18 მარტს დასრულდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

​ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს

​ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს

ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები "შაბათობაზე" დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პოლიცია იძიებს. ინფორმაციას ​​,,ათინათი'' ავრცელებს. 

ინფორმაციას ადასტურებენ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში. როგორც რადიო ,,ათინათს" ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთი მშობლისგან გაიგო, რომელმაც დასუფთავების ამსახველი ვიდეო გამოუგზავნა. ლია ჯალაღონიას თქმით, ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა სამინისტროს და საქმე მოკვლევის ეტაპზეა. 

"ინფორმაცია მაქვს, მაგრამ დაზუსტებული არაა, როგორ რანაირად, პოლიცია უკვე იძიებს, სამინისტროს ვაცნობეთ და მოკვლევის ეტაპზე ვართ. ბავშვებს როცა შევხვდი ნაწილი ამბობს, რომ სათამაშოდ წაგვიყვანესო, ნაწილი კი რომ დასასუფთავებლად იყვნენ. ცუდი ფაქტია, მით უფრო კორონავირუსის პირობებში. აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ბოლომდე. სკოლის პოზიცია ისაა, რომ მოვიდნენ გავაყოლეთ ბავშვები, გვეგონა, რომ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქცია და დაუფიქრებლად გადავდგითო ეს ნაბიჯი. მოვიდა ქალბატონი, გამგეობას აქვსო ეს პროექტი და რამდენიმე სკოლა იღებს მონაწილეობასო, დავუჯერეთ და ბავშვებიც სიამოვნებით წავიდნენ. რა პროექტებზე და დასუფთავებაზეა საუბარი პანდემიის პირობებში. მე წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, მესამე დღეს მშობელმა ჩამიგდო ვიდეო. როგორც კი გავიგე, ვაცნობე სამინისტროს, დამავალეს ამ ყველაფრის მოკვლევა", - აღნიშნა ლია ჯალაღონიამ.

ჩხოროწყუს მერიაში კი ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს შესაბამისი პირები.

შს სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს. 

წაიკითხეთ სრულად